შსს საჩხერეში შვილის მიერ მამის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.ბ.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით მამას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას – 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო”- წერია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს