საძაგლიშვილის თქმით, სააკაშვილს მათთან დაცული კომუნიკაცია შეუზღუდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაციამ,შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ.

“წარმოუდგენელი რამ ხდება, მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს დაცვის უფლება. ადვოკატებს აღარ გვაქვს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის. მისი და ჩვენი შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ცხადია, ხორციელდება აუდიოჩაწერა. იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ამოვსებული ბარიერი.

დღეს როდესაც შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი, ანუ ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე, რომ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია, ყველა კომუნიკაცია გაკონტროლდეს ხელისუფლების მხრიდან და გართულდეს კომუნიკაცია.

ადამიანი შიმშილობს 27-ე დღეა, ბუნებრივია, ის დასუსტებულია და ხმის გაგონებაც კი რთულია, თუ ხმამაღლა არ იყვირე დღეს არსებული რეალობით”, – ამბობს ადვოკატი.