საწვავის ფასის ზრდა არ ასახულა ქუჩაში მოძრაობაზე, დიდი ტრაფიკია – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საწვავის ფასის ზრდაზე, ძირითადად, ორმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა – იმპორტირებული ნავთობპროდუქტების გაზრდილმა ფასმა და ლარის კურსმა.

მისივე განცხადებით, ფასის დასტაბილურებას ელოდებიან. თურნავა აღნიშნავს, რომ საწვავის ფასის ზრდას ქუჩაში მანქანების მოძრაობაში გავლენა არ მოუხდენია.

“მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. კი, საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა და ჩვენ მის სტაბილიზაციას სხვადასხვა ბერკეტით უნდა ვეცადოთ, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა და ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს.

გუშინ, მაგალითად, გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა ბიზნეს აქტივობაზე და არის 11%-იანი ზრდაა მარტო პირველ 3 თვეში ბიზნეს სექტორის ბრუნვების. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ფასი გაიზარდოს, მაგრამ მსყიდველობითუნარიანობაც გაიზრდება მოსახლეობის. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ძირითადად გვაწვებოდა ფასებზე იმპორტული საქონელი იმიტომ, რომ აქ ლარის კურსს ჰქონდა თავისი კონტრიბუცია, ლარის კურსის სტაბილიზაციის კვალობაზე ეს ფაქტორი მოიხსნება და ინფლაცია აუცილებლად დასტაბილურდება”, – თქვა ეკნომიკის მინისტრმა.