“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში საწვავის ღირებულება კიდევ უფრო მაღალი უნდა, ვიდრე დღეს არის.
ის BM.GE-სთან საუბრისას ამტკიცებს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, საწვავზე ფასი სწრაფად არ გაზარდონ.
“პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია საწვავის ფასებთან მიმართებით. რასაკვირველია, თუ შევხედავთ ექსპერტების და სხვადასხვა კომპანიის შეფასებებს, მოლოდინები აქვთ, რომ ბარელზე ნავთობი, შეიძლება, 100 დოლარის ფარგლებში ავიდეს, მაგრამ ახლა სადღაც 82-84-ის დიაპაზონშია ფასები, რაც ორჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე პანდემიის პერიოდში აქამდე იყო.
რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების ზრდამ ასახვა ჰპოვა ნავთობპროდუქტების ფასების მატებაზე საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, პირდაპირ პროპორციულკავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს”,– თქვა სოსო ფხაკაძემ.