ლაპარაკს ვითხოვთ, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილსაც დავუკავშირდები – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ის ოპოზიციური პარტიებისგან მხოლოდ საუბარს ითხოვს, ამიტომ დაელაპარაკება ყველას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილსაც.

“მე ოპიტიმისტიც ვარ. მჯერა, რომ ჩვენ ახლა რასაც ვითხოვთ, არის 100%–ით მართალი. ჩვენ ვითხოვთ საუბარს, ლაპარაკს ვითხოვთ… ვითხოვთ იმ თემებზე, რაზეც თვე–ნახევრის განმავლობაში დახურული კარების მიღმა მიდიოდა საუბარი. ჟურნალისტებს არ გქონდათ შესაძლებლობა, დეტალურად დაკვირვებოდით პროცესს. ზუსტად ახლა, ჩვენ გვინდა, როგორც ალეკოს შევხვდით, ასე შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს, ლელოს, შევხვდეთ ბევრ წარმომადგენელს ნაციონალურ მოძრაობს. ენმ–ს წარმომადგენლებს შევხვდრივარ ბევრს, ნიკა მელიასთან მაქვს მუდმივი კონტაქტი. საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დავუკავშირდები მიხეილ სააკაშვილსაც, მაგრამ მაქამდე ჯერ არ მივსულვარ”,– ამბობს მეგრელიშვილი ტვ პირველთან.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნებასთან კომუნიკაცია ყოველთვის უნდოდა და ამასაც აპირებს, თუმცა ჯერ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, “მკაფიოდ, რა უნდა”.

“მე მინდა, რომ პროცესი დავძრათ, დავიწყოთ ლაპარაკი. ჩვენ, ალეკო ელისაშვილი, ოპოზიციონერი კოლეგები ვხედავთ შესაძლებლობას, ეს საკითხი თუ საზოგადოებას ავუხსენით, მართლა რა ხდება, რას ვაკეთებთ, გახდება შესაძლებელი რომ გამოსავალი მოიძებნოს”,– თქვა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, გირჩის ინიციატივაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პლებისციტიც იყოს და თუ ქართული ოცნება დამარცხდება, 2022 წელს პროპორციული არჩევნები დანიშნოს. მას მხარს პარტია მოქალაქეებიც უჭერს.