სახალხო დამცველის რწმუნებულს გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ

გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უშვებენ სახალხო დამცველის რწმუნებულს, საბა ბრაჭულსა და კონსილიუმის წევრ ექიმებს.

ბრაჭული იმედს იტოვებს, რომ გაუგებრობაა და მათ შეუშვებენ. როგორც ომბუდსმენის რწმუნებული განმარტავს, სახალხო დამცველის რწმუნებულს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად შევიდეს დახურულ დაწესებულებაში, სადაც არის პატიმარი სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

„ამ ეტაპზე დაველოდებით, თუმცა ეს თუ გაგრძელდა არაგონივრულად დიდ დროს, ერთ საათზე მეტ დროს, ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულს უარს ეუბნებიან შესვლაზე. სახალხო დამცველის დაბრკოლება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ხოლო, უფრო მძაფრი ფორმა თუ მიიღო, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული“, – თქვა საბა ბრაჭულმა.