“სახდეპი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესგარემოს”- საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საინვესტიციო გარემოს შეფასებას ეხმიანება და ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.
„მოხარული ვართ, რომ დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანესს საერთაშორისო რეიტინგებშიც.ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში ნათქვამია, რომ ინვესტორების მხრიდან ქართული სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა იზრდება, ხშირია დროში გაწელილი სასამართლო პროცესები და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესები, ამავდროულად, საუბარია პოლიტიკურ ჩარევებზეც.