სახეზეა ქართველი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება–USAID–ის კვლევა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა მოახდინა სახელმწიფოს მიტაცება – ნათქვამია USAID-ის დოკუმენტში, რომელიც გლობალურ კლეპტოკრატიასთან ბრძოლას აფასებს და  წარმატებისა და წარუმატებლობის მაგალითებს მიმოიხილავს.საქართველოს გარდა, დოკუმენტში საუბარია  უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე,  მოლდოვაზე, სომხეთზე, მალაიზიასა და სხვა ქვეყნებზე.

“კლეპტოკრატიასთან ბრძოლა თაობებს მოიცავს, მცდარი აზრი, რომ მიზანი უკვე მიღწეულია შეიძლება რეფორმების შემობრუნების და კლეპტოკრატიის ზრდის საფუძველი გახდეს, ეს შეიძლება მოხდეს რეფორმების 8 წლის პროცესის შემდეგაც, რასაც აჩვენებს უკრაინის მიმდებარედ არსებული საქართველოს გამოცდილება 2012 წლის შემდგომ.” – წერია კვლევაში.

დოკუმენტში საქართველოს წარმატების პერიოდად აღიარებულია 2004-2012 წლები, როდესაც ქვეყანა სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს დგამდა კორუფციისა და კლეპტოკრატიის შესამცირებლად. დოკუმენტში დეტალურადაა განხილული საქართველოს მიერ გატარებული პოლიციის რეფორმა, რომელიც სამართალდამცავი სისტემის გარდაქმნის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად არის აღიარებული.  2012 წლის შემდგომი პერიოდში კი ანგარიშის მიხედვით საქართველოში გამოკვეთილია: ოლიგარქიული მმართველობის დომინირება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და კორუმპირებული ჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომი.

“Transparency International-ის კვლევა აღწერს კორუმპირებული ჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომს, საქართველოს მზარდ დამოკიდებულებას რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო გარიგებებზე რუსეთთან.” – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია და საქართველოს ვარდების რევოლუცია დასრულდა, “როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც გახდნენ პრეზიდენტები და ორი ქვეყნის ხელახალი კლეპტიფიკაცია მოახდინეს.”