“სახელმწიფომ გადასახადი არ გადაგვივადა და დონაციით მიღებული თანხიდან ჩამოგვაჭრა”- ამის შესახებ, კომუნა მზესუმზირა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფომ გადასახადის გადავადებაზე უარი უთხრათ და 17 000 ლარის ოდენობის დავალიანება დონაციით მიღებული თანხებიდან ჩამოაჭრათ.
“როგორც იცით, ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდანაა შეჩერებული და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ორი ივენთის ჩატარება შევძელით ეზოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი დაგვეძლია ის სირთულეები, რომლებიც შეჩერებული საქმანობის გამო გვედგა. საბედნიეროდ, ზუსტად იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, თქვენი დახმარებით შევძელით საჭირო რესურსების 30 %-ის მობილიზება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ესეც არ იყო ამბის ბედნიერი გაგრძელება:
ისევე როგორც ყველა სხვა საქმიანობას, ჩვენც ამ პერიოდის (მარტი – დეკემბერი) განმავლობაში დაგვიგროვდა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი გადასახადები. კერძოდ, 17 000 ლარი.
რა თქმა უნდა, იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებებოდით, შეუძლებელი იყო ამ თანხის გადახდა, რაზეც მივმართეთ სახელმწიფოს შუამდგომლობით, რადგან გადაევადებინათ თანხა შემდეგ პერიოდზე, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა. სამწუხაროდ, სახლემწიფომ გვითხრა უარი და არსებული დავალიანება (17 000 ლარი) პირდაპირ მოაჭრა დონაციებიდან შემოსულ თანხას, რითიც ჩვენთვის საჭირო რესურსების რაოდენობა 5 %-მდე დაიყვანა.
ჩვენ არ ვითხოვდით ამ გადასახდების გაუქმებას, უბრალოდ ვითხოვდით გადავადებას. სახელმწიფოს გულგრილობის წყალობით კი ჩვენ ისევ იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, საიდანაც თავის დაღწევის მინიმალური შანსები გაგვიჩნდა. ახლა კი გვიწევს ყველაფერი დავიწყოთ თავიდან.
მდგომარეობა იგივეა – რთული. მაგრამ იმედიც ისევ გვაქვს – თქვენი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თავიდან ჩავუშვათ დონაციის პროექტი. ამისთვის კი მოგიმზადეთ ახალი საჩუქრები პაკეტებში, სადაც Guapa Ceramics და ჟუჟუნა • Jujuna-სთან ერთად, ახალ უკვე Masra • მასრა და AlterSocks • ალტერსოქსი შემოგვიერთდნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ
აგრეთვე მალე ახალ ლაივსტრიმებსაც და სხვა სიახლეებს შემოგთავაზებთ.
მოკლედ, ჩვენ არ ვჩერდებით და გვჯერა, რომ მივალთ იმ დრომდე, როდესაც ეს საშინელი რეგულაციები, რომლებიც არამხოლოდ ჩვენ, არამედ ამ სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს შეეხო და კატასტორფულ კრიზისებამდე მიიყვანა, დასრულდება. გვჯერა, რომ მანდ თქვენთან ერთად მივალთ. ასე რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად და გპირდებით, ისეთ ჯგრიალებში შევხვდებით რომ ეს ამბები სასაცილოდაც არ გვეყოფა.
თუ შენთვის „Mzesumzira“ ძვირფასია და გინდა მის გადარჩენაში მონაწილეობა, გადადით შემდგომ ბმულზე: https://donate.mzesumzira.com “- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.