პოლიტიკური მოძრაობა “დროა” ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მეორედ არშეშვების ფაქტს.
დროას განცხადებით, სახელმწიფო უგულებელყოფს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს, მათ უფლებებს და უარს ამბობს გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.
“ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მაღალი სასულიერო იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებენ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაწესებულებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრიარქო არ აღიარებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს აფარებს საპატრიარქოს.
საბოლოო ჯამში, ასეთ მახინჯ პრაქტიკას ეწირება 60-მდე ბავშვის უსაფრთხოება, რადგან ცნობილია, რომ პანსიონი ვერ აკმაყოფილებს მსგავსი დაწესებულების ლიცენზიისთვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.
პოლიტიკური მოძრაობა “დროა” კატეგორიულად მოითხოვს სახელმწიფოსგან, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და შეასრულოს, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულებები”,– აცხადებს “დროა”.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება და სახელმწიფოს დაავალა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მდგომარეობის დაუყოვნებლივი შემოწმების უზრუნველყოფა.