სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია – გაბუნია

სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია.

„ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, აიცრას ან გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს მისი პასუხი. ეს არის ის სწორად დაბალანსებული და ეთიკური მიდგომა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, რათა აცრა ყველასთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი. ასევე სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა რომელიმე პირის ძალდატანებით ვაქცინაცია, ამის ალბათობა თეორიულადაც კი არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.