მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს მთავრობის პოზიციები ერთნაირია.
„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერისა და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ძალადობა დასაგმობია და თქმა უნდა, მიმდინარეობს გამოძიება, ოცი პირია დაკავებული და გამოძიება თავის საქმეს აგრძელებს.
კითხვა დასმული იყო ზოგად კონტექსტში, ზოგადად ამერიკა იყენებს თუ არა სანქციებს, როგორც მექანიზმს და მისი პასუხიც იყო ზოგადი – რა თქმა უნდა, ამერიკა სანქციებს იყენებს სხვადასხვა ვითარებაში. საქართველოსთან მიმართებაში არანაირ კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე აშშ–ს მხრიდან საუბარი არ ყოფილა”,– ამბობს ქადაგიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს, არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის. თუ ჰიპოტეტურად გვიხარია, რომ საქართველო როდესმე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ რომელიმე ქვეყანამ სანქცია დაუწესოს. შეიძლება, ასეთი ავადმყოფური აზრები იმას აწუხებდეს, ვისაც ქვეყნის წინსვლა და წარმატება არ უხარია, მაგრამ დღეს არანაირი სანქცია არ გვემუქრება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესება, ნედ პრაისი პასუხობს, რომ სანქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებამდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.