მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმასთან” კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა. აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი “ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას”.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.
“ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას,” – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამერიკის ხმისთვის მიწოდებულ წერილობით განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის, მასიმო დანჯელოს მიერ გავრცელებული ბოლო ტოქსიკოლოგიური კვლევა ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის სხეულში აღმოჩენილია მძიმე მეტალები.
ტოქსიკოლოგიური კვლევის ავტორი, ექიმი დევიდ სმიტი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “სიკვდილის პირასაა” და რომ მისი დეტოქსიკაციისთვის საჭირო მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.
9 დეკემბერს, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
„აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ, გასული კვირის განმავლობაში.
ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს“, – აღნიშნა ელჩმა.
წყარო: ამერიკის ხმა