სახელმწიფო ინსპექტორმა, 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.გამოკითხვაზე დაბარებულები არიან დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, 2021 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 25 პირი დააკავეს. დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.