“სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით”- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავითგარეჯის საქმეზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ 2005 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გადაწყდა, საზღვრის საკითხი პრეზიდენტების დონეზე მოგვარებულიყო.
“ვერ ჩავერევი იმ საქმეში, ჯერაც პროცესი მიმდინარეობს კარტოგრაფების საქმე, მაგრამ ჩემი მინისტრობის (და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე) დროს არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანის. პირიქით, ეს იყო შეუთანხმებელი მონაკვეთი. იმდენად შეუთანხმებელი, რომ ჩვენ, მინისტრები შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან მძაფრი საკითხია, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს უნდა გადაწყდეს პრეზიდენტების დონეზე”
“მე როცა ვიყავი მინისტრი, დავსვი კითხვა, ჩვენ რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობებით ბევრი მიმართულებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული დელიმიტაცია – იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – რომ შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის და მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით. რომ არა საზღვრები, ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამიტომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში პირველივე ვიზიტის დროს დავსვი ეს საკითხი. პრეზიდენტის პასუხი იყო იგივე – დავასრულოთ, რაც დავიწყეთ 30 წლის წინო”. – თქვა მან.