“სახელმწიფო რამდენად გაბედავს, საკუთარი შემოღებული წესები ეკლესიაზეც გაავრცელოს“–გია ნოდია

ექსპერტი გია ნოდია თვლის, რომ კომენდანტის საათის შემოღება შესაძლოა ეკლესიის საკითხს უკავშირდებოდეს:
“ამ კომენდანტის საათს, ღამის 9-დან, წესით, ორი აზრი აქვს:
ერთი – ხალხი სტუმრად ძირითადად საღამოს დადის, აგრეთვე საღამოობით უფრო იკრიბება ეზოს თუ უბნის ბირჟებზე და ა. შ. ახლა ეს ვეღარ მოხდება, ან ვეღარ უნდა მოხდეს. საღამოს სტუმრად თუ წახვალ, ღამე იქ უნდა დარჩე. ეს დიდი პრობლემა არ იყო ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ გადადების ალბათობას რაღაც ზომით შეამცირებს (ზოგადად, ალბათობის შემცირებას ემსახურება ყველანაირი დრაკონული ზომა ამ შემთხვევაში, და ეს, ცხადია, მნიშვნელოვანია).
მეორე აზრი ისევ და ისევ ეკლესიას უკავშირდება, ამჯერად წინა- და სააღდგომო წირვებს. ეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა. თუმცა, აქ უკვე მთავარი საქმე იმპლემენტაციაა, ანუ სახელმწიფო რამდენად გაბედავს, საკუთარი შემოღებული წესები ეკლესიაზეც გაავრცელოს. ვნახეთ, რომ აქამდე დიდად ვერ გაბედა – აშკარად 10 კაცზე მეტი იკრიბებოდა ეკლესიებში, მაგრამ ვინ უშლიდა ხელს? მაშინ თუ ვერ ბედავდა ახლა გაბედავს? დიდი კითხვის ნიშანია.
თუ მხოლოდ საღამოს მისვლა-მოსვლის შეზღუდვის და ეზო-უბნის ბირჟების დაშლაზეა საქმე, გადაჭარბებული ზომა მგონია ეს კომენდანტის საათი. თუ ეკლესიის პრობლემას აქამდე ვერ უვლიდნენ და ახლა, სააღდგომოდ მართლა მოუვლიან, ალალ იყოს. მაგრამ შეძლებენ? აღდგომა და ხვალეო: ეს გამოთქმა ასე აქტუალური არასოდეს ყოფილა.“– ამბობს გია ნოდია.