სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს – ოხანაშვილი ჟურნალისტებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს გუშინდელი ძალადობის შემდეგ ჰპირდება, რომ “ასეთი რამ აღარ განმეორდება”.

ის ჟურნალისტების დაცვისთვის მადლობას უხდის სამართალდამცავებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლეს.

“ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე”. – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.