სახელმწიფო ფრონტერას თანამშრომლებს ერთჯერადად 1 200 ლარის დახმარებას გაუწევს – თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფრონტერას 84 თანამშრომელს მთავრობა 1200 ლარით დაეხმარება.

თურნავას თქმით, ამჟამად მთავრობა ფრონტერასთან “საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაშია და გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად შეხვედრისთვის ემზადებიან.” ამავდროულად თურნავას თქმით, დიდ პრობლემად რჩება იმ 84 თანამშრომლის სახელფასო დავალიანების საკითხი, რომელიც ფრონტერამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა.

“ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ეს ადამიანები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნავთობისა და გაზის კოროპორაციამ ერთჯერადი დახმარების სახით გაწიოს 1 200 ლარის სახით. ამასთან, „ფრონტერას“ მოვუწოდებთ, რომ დღესდღეობით, როდესაც შემაფერხებელი გარემოება აღარ არსებობს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, მოველით, რომ ამ სახელფასო დავალიანებას დაფარავენ“, – აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.