ქართული ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ თუ “მუდმივი არეულობის მცდელობებში” ვიქნებით, ევროინტეგრაცია გაგვირთულდება.
“საქართველო უნიკალური კულტურით მდიდარი, უძველესი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, თუმცა გაუთავებელმა ომებმა, ოკუპაციამ სახელმწიფოებრივობის შეგრძნება დაგვიქვეითა და დაგვავიწყა, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთნოდეს”!
ჩვენი თავის მართვას მაშინ შევძლებთ, როდესაც თითოეული მოქალაქე გაითავისებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია!
ამ ანბანურ ჭეშმარიტებაზე არის დაფუძნებული განვითარებული ევროპული სახელმწიფოები და თუკი ჩვენ, მუდმივი არეულობის, კანონის ფეხქვეშ გათელვის მცდელობებში ვიქნებით, ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია ძალიან გაგვირთულდება”,– წერს ბოლქვაძე.
მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით,” სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დადგა და კანონი ისე აღასრულა, რომ არავინ დაშავებულა”.
“სახელმწიფო მაქსიმალურ ჰუმანიზმს იჩენდა ბრალდებული მელიასადმი, მელია კი ყველაფერს აკეთებდა საკუთარი თავის დასაჭერად. მისი დაკავებისასაც კი, როდესაც მეორე მხარეს პროვოკაცია და ძალადობა იგეგმებოდა, პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენებით, მაქსიმალურად ჰუმანურად უზრუნველყო კანონის აღსრულება. სწორედ ჰუმანიზმი და ეს ხელწერაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ გუნდის წევრი გავხდი…”,– აცხადებს ოცნების დეპუტატი.