სახტად დავრჩი – მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის უფროსის დაბარებას ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
„მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი. ხუთი ივნისის საქმეზე პარლამენტში არ შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა, იმიტომ, რომ მათ გარეშე არ იქმნება. დღეს აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ, დაიბარონ სუს-ის ხელმძღვანელი და მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა. მაშინ, რატომ არიან ივანიშვილის თავყრილობაში, თვითონ რატომ შემოვიდნენ პარლამენტში. ამომრჩევლის წინაშე ხომ აქვთ ანგარიშვალდებულება? ახლა, ჩვენ, პარლამენტის წევრები ვალდებულები ვართ, რომ ამის თაობაზე იმ სტრუქტურის მიმართ მინიმუმ კითხვები დავსვათ და პარლამენტში პოლიტიკური დებატები შედგეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს თუ არ გინდა, აბა, რა გინდა?! თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევას როგორ აპირებ, თუ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების პროცესში მონაწილეობის მიღება არ გინდა. არ ვიცი, წარმოუდგენელია“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.