უკრაინის მხრიდან, საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში ვერ ჩაფრინდა. ვუჩიჩის თვითმფრინავი იძულებული გახდა აზერბაიჯანში დაშვებულიყო.
როგორც სააგენტო Tanjug-ი იტყობინება, სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბაქოში დაშვების შემდეგ მოსკოვში გამგზავრების ნებართვას ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვუჩიჩის რეისისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეზე წვდომა ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შეუზღუდეს.
პორტალ Informer-ის ცნობით, ბაქოში საგანგებო დაშვება მოხდა რუსულ საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონების შეტევის ფონზე – საჰაერო თავდაცვის სისტემების აქტიურობის გამო.
რუსეთის აეროპორტებში მასობრივად ფერხდება ავიარეისები უკრაინელთა მიერ ღამითა და გამთენიისას კამიკაძე დრონებით თავდასხმების გამო.
მოსკოვის ოლქზე განხორციელებული უპილოტო აპარატების თავდასხმის შემდეგ რუსების ათეულობით სამოქალაქო რეისმა გადადო ფრენა. აეროპორტების საჰაერო სივრცის დახურვის გამო ფრენები მასობრივად იგვიანებს, ხოლო მგზავრები ჩივიან საათობით ლოდინზე თვითმფრინავებში, საკვების, წყლისა და შესაბამისი პირობების გარეშე.
მოსკოვი:
• დომოდედოვო: 80 რეისი გადაიდო, 38 გაუქმდა.
• ვნუკოვო: 27 რეისი გადაიდო, მგზავრები 12 საათზე მეტს ელოდებიან.
• შერემეტიევო: 52 გამგზავრება გადაიდო, 70 ჩაფრენა.
სანქტ-პეტერბურგი:
• პულკოვო: 9 გამგზავრება და 7 ჩაფრენა გაუქმდა.
რეგიონები:
• ყაზანი: 30-ზე მეტი რეისი გადაიდო, 6 გაუქმდა.
• სოჭი: 16 გამგზავრება გადაიდო, 6 გაუქმდა.
• ნიჟნი ნოვგოროდი: აეროპორტი თითქმის ერთი დღეა დაკეტილია.
• ეკატერინბურგი: 6 რეისი გაუქმდა, 4 გადაიდო.
• ციმბირი: ნოვოსიბირსკი, ნორილსკი და სხვა — 14 გადადება, 3 გაუქმება.
• კავკასია: მინერალნიე ვოდი — 11 გადადება, 10 გაუქმება; მახაჩკალა — 12 გადადება, 2 გაუქმება.