”სებ-ი აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში ” – საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ეხმაურება გუშინ, 16 სექტემბერს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ 2022-2024 წლებში 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრება მოხდა, რაზეც ერთი პირი დააკავეს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.
საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. მათ შორის, ფულად ჯარიმებს, რაც ემსახურება სექტორის შესაბამისობის დონის ამაღლებას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ უწყებებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შესაბამისობის დონე, ასევე ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ“, – წერია განცხადებაში.















