სევეროდონეცკში უკრაინელების კონტრშეტევა რუსეთს სხვა მიმართულებებზე ასუსტებს–ISW

უკრაინელების კონტრშეტევები სევეროდონეცკში რუსეთს აიძულებს მთელი ყურადღება იქით გადაიტანოს, რაც სხვა მიმართულებებზე მის პოზიციებს ასუსტებს. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჯარის დიდი ნაწილი და ტექნიკა სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მიმართულებით გადაიყვანა, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული კონტრშეტევა ჩაატარეს ბოლო 48 საათის განმავლობაში და რუსები სევეროდონეცკის აღმოსავლეთ გარეუბანში განდევნეს.

“უკრაინული კონტრშეტევები სევეროდონეცკში, როგორც ჩანს, აიძულებს რუს სამხედრო მეთაურებს ამ რაიონში გადაისროლონ დამატებითი ქვედანაყოფები და ტექნიკა, რათა უკრაინელების წარმატებული შეტევა შეაჩერონ“– წერს ISW.

ექსპერტები დასძენენ, რომ რუსული ჯარის ყურადღება ლუგანსკის ოლქში საბრძოლო მომედებების სხვა მიმართულებით რუსებს დაუცველს ტოვებს, კერძოდ, ხარკოვის ოლქში და სამხრეთის ღერძის გასწვრივ.

“უკრაინული არმია სავარაუდოდ ცდილობს გამოიყენოს რუსეთის მობილიზება სევეროდონეცკში, იმისათვის რომ სხვა მიმართულებებზე კონტრშეტევები ჩაატაროს“– აღნიშნავენ ინსტიტუტში.

ორგანიზაციის მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინული არმიის უნარი კონტრშეტევა აწარმოოს სევეროდონეცკში, რომელიც ახლა კრემლისთვის საბრძოლო მოქმედებების პრიორიტეტული რაიონია, ასევე მოწმობს უკრაინაში რუსული არმიის შესუსტებაზე.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს სევეროდონეცკში უკრაინელებმა მტრის ტექნიკა და სიმაგრეები გაანადგურეს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. უკრანული არმია ქალაქიდან რუსების განდევნას განაგრძობს.