სელექტიური მეხსიერება მაქვს – მავიწყდება, რაც არ მაინტერესებს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “სელექტიური მეხსიერება” აქვს და ავიწყდება ის საკითხები, რომელიც არ აინტერესებს.

“წყენას ვივიწყებ ტოტალურად. ისე კი არა, რომ არ მწყინს, ძალიან ბევრი რამე მწყინს, მაგრამ… მახსოვს, ზოგადად, რომ შეიძლება ვინმემ მაწყენინა, მეგობრებს ვგულისხმობ და არა პოლიტიკურს, მაგრამ რატომ და რაზე იყო, აღარ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არაა, რომ დავიტვირთო მეხსიერება. მაქვს ძალიან სელექტიური მეხსიერება. რაღაცები მავიწყდება თუ არ მაინტერესებს, თუ იმ დროს არ არის რაღაც ცენტრალური, როგორც ჩანს, ჩემი მეხსიერება თავს იცავს ზედმეტი დატვირთვისგან”,– ამბობს ზურაბიშვილი იმედის ეთერში.

მისი თქმით, მასზე მედიის შეტევას სისტემატური ხასიათი აქვს, თუმცა ეს პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევაა.

“ჩემი პრესსამსახური მიმზადებს ყოველდღე მთლიანად მედიიდან, რა არის ჩემზე ნათქვამი. წითელი ნაწილი არის ძალიან კრიტიკული, მწვანე და ყვითელი როცა არის ნეიტრალური. წითელი ისე ჭარბობს, ყოველდღიურად, რომ მეტი არ შეიძლება. ასე რომ, ეს არის მუდმივი ფენომენი, რომელსაც ნამდვილად მივეჩვიე, მაქვს ჩემი დამცველი მექანიზმები, ვთვლი, რომ ძალიან ცუდი არის იმ კუთხით, რომ ეს არის არა ჩემზე თავდასხმა, ეს რეალურად არის პრეზიდენტის და ინსტიტუტის მიმართ შეტევა”,– აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.