კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა გამოაცხადა, რომ მას იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და იძულებულია გააუქმოს მომავალ წელს დაგეგმილი კონცერტები ევროპაში.
54 წლის მომღერალმა ინსტაგრამზე გულშემატკივრებისთვის გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღიარა, რომ მას ახლახან დაუსვეს კუნთების დაჭიმვის სინდრომი, ნაკლებად შესწავლილი პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც კუნთების სპაზმი იწყება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ეს იწვევს ტკივილს, ზღუდავს პაციენტს მობილურობას და ხელს უშლის მის ნორმალურ ცხოვრებას.
“სამწუხაროდ, სპაზმი გავლენას ახდენს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ეს ხდება, როცა დავდივარ, ან როცა ვცდილობ ჩემი ვოკალური იოგები ისე გამოვიყენო, როგორც მიჩვეული ვარ”, – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში, სადაც 5,2 მილიონი გამომწერი ყავს.
აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კუნთების სიხისტის სინდრომი მილიონიდან ერთ-ორ ადამიანში გვხვდება. და იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ამ დიაგნოზს უსვამენ, მას და მის ოჯახს უფრო მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხები, ნათქვამია უნივერსიტეტის ვებსაიტზე.
სელინ დიონმა თავის მიმართვაში განმარტა, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ძლიერი ტკივილი და ექიმებმა მხოლოდ ახლახან შეძლეს დაედგინათ, რა იწვევს ტკივილს.
“დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემებს ვებრძვი. და ძალიან გამიჭირდა ამ განსაცდელებთან დაპირისპირება და ყველაფერზე ლაპარაკი, რისი გადატანაც მიწევს.მე მყავს ექიმების დიდი გუნდი, რომლებიც მეხმარებიან უკეთ ვიგრძნო თავი და ჩემი ძვირფასი შვილები, რომლებიც მხარს მიჭერენ და მაძლევენ იმედს“, – თქვა დიონმა.
მომღერლის თქმით, ის ყოველდღიურად მუშაობს სპორტულ თერაპევტთან, რათა აღიდგინოს ძალა და ხელახლა გამოსვლის შესაძლებლობა. “მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან რთული პროცესია”, – აღნიშნა მან.
უკიდურესად იშვიათი დაავადება
მომღერლის ევროპული ტურნე 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მან მისი გაუქმება გადაწყვიტა, რათა ჯანმრთელობას მიხედოს.
“იმედი მაქვს, რომ გამოჯანმრთელების გზაზე ვარ. ამაზე ვარ ორიენტირებული და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამოვჯანმრთელდე”, – თქვა სელინ დიონმა.
ამ დროისთვის, მეცნიერებმა არ იციან, კონკრეტულად რა იწვევს კუნთების დაჭიმვის სინდრომს, მაგრამ ისინი მას უკავშირებენ თავის ტვინსა და ზურგის ტვინში სხეულის გარკვეულ არასწორ აუტოიმუნურ რეაქციას.
ამ დაავადების დიაგნოზი რთულია. ის ხშირად ერევათ სხვა დაავადებებში, როგორიცაა პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი.
სიხისტის სინდრომის დიაგნოსტირება შესაძლებელია სისხლის ანალიზით.
დაავადება განუკურნებელად ითვლება, მაგრამ მისი განვითარების შენელებისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ექიმები უამრავ წამალს და სხვადასხვა თერაპიას ნიშნავენ.
სელინ დიონმა კარიერა 1988 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებით დაიწყო, სადაც შვეიცარიას წარმოადგენდა . მას შემდეგ მან 220 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა მთელ მსოფლიოში და გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომერციული შემსრულებელი. მისი სიმღერა My Heart Will Go On ფილმიდან “ტიტანიკი” მსოფლიო ჰიტად იქცა.
2016 წელს დიონმა დროებით შეწყვიტა საკონცერტო საქმიანობა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი და მენეჯერი რენე ანჯელილი ყელის კიბოთი გარდაიცვალა, ორი დღის შემდეგ კი მომღერლის უფროსი ძმა დანიელიც გარდაიცვალა სიმსივნით.
მის ცხოვრებაში რთული პერიოდის შემდეგ დიონი სცენას 2019 წელს დაუბრუნდა.