საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) თელასი და ენერგო პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ხშირი წყვეტის გამო დააჯარიმა.
“კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს „თელასის” სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 11 740 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 14 საათსა და 55 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9 სთ და 27 წთ) შედარებით, 5 საათით და 28 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 9.04-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6.06) შედარებით 2.98-ით არის გაუარესებული.
რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას”, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 74 504 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 61 საათსა და 38 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55 სთ და 8 წთ) შედარებით, 6 საათით და 30 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 31.06-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (29.71) შედარებით 1.35-ით არის გაუარესებული.
საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასისა” და სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის” შემუშავდება მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები, რომელთა შესრულება კომპანიებისათვის სავალდებულო იქნება.” – ნათქვამია განცხადებაში.