ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ სენატორი სტივ დეინსი საქართველოშია და შეხვედრებს გეგმავს ივანიშვილის მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრებზე სენატორი გააჟღერებს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარ პრიორიტეტებს.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს! სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში.
ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები.
ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ”, – წერს საელჩო.