სერბეთმა ავსტრალიაზე ჯოკოვიჩის გამო შური იძია

სერბეთმა გადაწყვიტა ავსტრალიურ–ბრიტანული კონცერნი Rio Tinto დახუროს, რომელიც ქვეყნის დასავლეთში ლითიუმს მოიპოვებს. სერბული პრესის ნაწილი თვლის, რომ ეს ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიიდან დეპორტაციას უკავშირდება, თუმცა მთავრობა ამბობს, რომ მიზეზი პროექტის მიმართ ეკოლოგიური მოთხოვნები და სერბი ეკოაქტივისტების პროტესტია, რომელიც მის წინააღმდეგ გასული წლის ბოლოს ილაშქრებდნენ. ასეა თუ ისე, სერბებმა უკვე დაამზადეს უზარმაზარი სამგზავრო ბილეთი, რომელზეც კომპანიის სახელწოდება და მიმართულებაა ასახული.

“ჩარჩო პროეტი“ გაუქმებულია. შესაბამისად ყველა ადმინისტრაციული აქტი და ნებართვები, რომლებიც კომპანია Rio Tinto, უფრო სწორად მის შვილობილ ფირმას, Rio Sava Exploration–ს ეხება ანულირებულია. ჩვენ ამ კომპანიის საქმე სერბეთში დავასრულეთ“– თქვა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა .

სერბეთის ეკოლოგიური ორგანიზაციების ასოციაცია, რომელიც საბადოს ათვისების წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა, ამ გადაწყვეტილებას საკუთარ დამსახურებად თვლის, თუმცა ბევრი სერბი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და მისი მიღების დროს, სერბეთსა და ავსტრალიას შორის ცოტა ხნის წინანდელ სკანდალს უკავშირებს. ავსტრალიის ხელისუფლებამ ვაქცინაციის არარსებობისა და არასწორად შევსებული დოკუმენტების გამო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ქვეყნიდან გააძევა.

ბევრი სერბული გამოცემა იყენებს მსგავს სათაურებს – “სერბეთი–ავსტრალია: 1:1“

ქვეყნის პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ Rio Tinto არასაკმარის ინფორმაციას აწვდიდა ადგილობრივ მოსახლეობას და სერბეთის მთავრობას პროექტის შესახებ.

“ვთხოვე ადგილობრივებთან კომუნიკაცია გაეუმჯობესებინათ და უკეთ აეხსნათ მათთვის პროექტის გავლენა გარემოზე, თუმცა არანაირი რეაქცია“– თქვა ბრნაბიჩმა.

მან ამ კონფლიქტში ასევე დაადანაშაულა სერბეთის ყოფილი მთავრობის წევრები, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან, თუმცა სწორედ მათ დროს დაიწყო ეს პროექტი და მათ გასცეს თანხმობა.

ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სერბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება სამწუხაროა:

“ვთვლით, რომ Rio Tinto –ს ინვესტიციები სერბეთში დიდ სარგებელს მოიტანდა “– ციტირებს სააგენტო როიტერი ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებას.

თავად კონცერნმა საკუთარ განცხადებაში სერბეთის ხელისუფლების განცხადებები რაიმე დარღვევის შეახებ უარყო:

“პროექტზე მუშაობისას ყოველთვის ვიცავდით სერბეთის რესპუბლიკის კანონებს“– ამბობს კონცერნი და ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით სწავლობს სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებს და მის შესაძლო შედეგებს.

ლითიუმი აკუმლატორების წარმოებაში ერთ–ერთი მთავარი კომპონენტია. სერბული პროექტი კი Rio Tinto–ს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს კონცერნი მსოფლიო მეტალურგიის და სამთომომპოვებელი მრეწველობის გიგანტია და სურს ელექტრომობილების აკუმლატორებისთვის ნედლეულის წამყვანი მიმწოდეელი გახდეს.

კონცერნი სერბულ პროექტში 2.4 მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებდა, საიდანაც 450 მილიონი დოლარი უკვე ჩაიდო კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის პროექტს. ერთის მხრივ, Rio Tinto–მ შესაძლოა სერბეთის მთავრობას უჩივლოს, მეორეს მხრივ კი ეკოაქტივისტები მოითხოვენ საერთოდ არავისზე აღარ გაიცეს ლითიუმის მოპოვების ნებართვა.