პარლამენტის დეპუტატი სერგი კაპანაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება. იგი დღეს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების დროს წარადგინა.
“დღეიდან ევროპული საქართველო იწყებს ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რომლის მიზანი და ამოცანა იქნება გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ივანიშვილის მმართველებისგან, კამპანია, რომლის შედეგად მარტო ქართული ოცნება კი არ დამარცხდება, არამედ გვეყოლება ახალი, დღეს ოპოზიციაში მყოფი პროდასავლური ძალებისგან შექმნილი კოალიცია და მისი ცენტრალური ნაწილი იქნება ევროპული საქართველო”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დღეს, 3 აგვისტოს ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარობის 14 კანდიდატი წარადგინა. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, დღეს გუნდის მხოლოდ ნაწილს დაასახელებენ და ნაწილი ღიად რჩება.