გირჩი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ დღეს დაკომპლექტებული პარტიული სია რეალობას ბოლომდე არ ასახავს, რადგან საიტის სერვერს პრობლემები შეექმნა გადატვირთულობის გამო.
“როგორც იცით, დღეს, 30 ივლისს, 16:20-ზე ჩვენს პორტალზე მხარდამჭერებს, GeD-ების მფლობელებს უნდა გამოევლინათ გირჩის პროპორციული პარტიული სია. ამ დღის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მომზადებული გვქონდა “გირჩის” საიტის სერვერები, თუმცა საიტზე შემოსულთა რიცხვმა და ტრანზაქციების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინს რამდენჯერმე გადააჭარბა და, სამწუხაროდ, ჩვენს სერვერს პრობლემა შეექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების რაღაც რაოდენობა არ აისახა დროულად საბოლოო რეიტინგზე, საბოლოო სიაზე. შედეგად, მივიღეთ რეალურისგან ოდნავ განსხვავებული სია”,– წერს გირჩი.
პარტიის ინფორმაციით, მაქსიმალური გამჭვრივალობისთვის საარჩევნო სია ხვალ თავიდან შეირჩევა.
“ჩვენ, ჩვენმა კონტრაქტორმა დეველოპერულმა კომპანიამ და თანამშრომლებმა ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად და დათქმული დროიდან დაახლოებით 2 საათში სია გასწორებული იყო. თუმცა, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ჩავთვალეთ, რომ დღეისთვის დაგეგმილი პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ, რათა ყველა პოლიტიკოსს ჰქონდეს შანსი, რომ მისკენ მიმართული მხარდაჭერა რეალურად აისახოს ჩვენს პროპორციულ სიაში. ამისათვის გადავწყვიტეთ შემდეგი: დღეს, 30 ივლისს, საღამოს 19:00-ზე საიტზე ისევ ჩაირთვება ხმის მიცემის პროცესი და GeD-ების ყველა მფლობელს თავიდან შეეძლება გამოხატოს საკუთარი პრეფერენციები. ხოლო ხვალ, 31 ივლისს, 17:00-ზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიკეტება. ამის შემდეგ საიტს მიეცემა მინიმუმ 1 საათი (თავის დაზღვევის მიზნით) კალკულაციისთვის და საბოლოო სიის გამოვლენისთვის.
“გირჩი” ბოდიშს გიხდით ამ შეფერხებისთვის! მართლა არ ველოდით ამხელა დაინტერესებას და ჩართულობას, რისთვისაც დიდი მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს!”,– აცხადებს გირჩი.
ცნობისთვის, დღეს გირჩმა საარჩევნო სიის 10–ეული დაასახელა, რომლებიც გირჩის ამომრჩევლებმა გირჩის პორტალზე პარტიის ციფრული ვალუტის მეშვეობით შეადგინეს.