აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაცხადა მნიშვნელოვანი გარღვევა გაუხსნელი მკვლელობების სერიაში, რომელიც ნიუ-იორკის მახლობლად ათ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა.
საუბარია 11 ადამიანის, ძირითადად ახალგაზრდა ქალების მკვლელობაზე, რომელთა ცხედრები 2010-2011 წლებში ლონგ აილენდის სამხრეთ სანაპიროზე, გილგო ბიჩზე იპოვეს.
მრავალწლიანი გამოძიების შემდეგ, ადგილობრივმა პროკურორებმა პარასკევს განაცხადეს, რომ დააკავეს მთავარი ეჭვმიტანილი, 59 წლის ნიუ-იორკელი არქიტექტორი რექს ჰეუერმანი. პოლიციამ მისი დაკავება მას შემდეგ შეძლო, რაც დნმ-ის კვალი ამოიღეს მისი პიცის ნარჩენებიდან, რომელიც ერთ-ერთ მსხვერპლზე აღმოჩენილ ნიმუშებს ემთხვევა.
ჰეიერმანს ერთდროულად ბრალი წაუყენეს პირველი და მეორე ხარისხის მკვლელობაში სამი ქალის მკვლელობის საქმეებში, რომელთა ცხედრების ნარჩენების აღმოჩენის შემდეგ გამოძიება დაიწყო: მელისა ბართლემის, მოკლული 2009 წელს, მეგან ვატერმენისა და ამბერ კოსტელოს საქმეებზე რომლებიც 2010 წელს მოკლეს.
ჰეიერმანი ასევე არის მთავარი ეჭვმიტანილი მეოთხე ქალის, მორინ ბრეინარ-ბარნსის გაუჩინარებასა და სიკვდილში 2007 წელს.
ეს ოთხი ქალი პრესაში „გილგო ოთხეულის“ სახელით გახდა ცნობილი. მათი ნაშთები შემთხვევით იპოვეს 2010 წლის დეკემბერში, კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის – 23 წლის შენენ გილბერტის ძებნის ოპერაციის დროს, რომელიც იმავე წლის მაისში გაუჩინარდა.
პროკურორ რეი ტიერნის თქმით, „ოთხივე მსხვერპლი იპოვეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში, ერთნაირად შეკრული თასმებით ან წებოვანი ლენტით, ხოლო სამი მსხვერპლი გახვეული იყო ტომარის ტიპის მასალაში“.
ამ ოთხი გვამის შემდეგ პოლიციამ გილგოს სანაპიროზე აღმოაჩინა მსგავსი სამარხების მთელი სერია, სულ 11. გამომძიებლები თვლიან, რომ მოკლული ახალგაზრდა ქალების უმეტესობა პროსტიტუციით იყო დაკავებული.
სერიული მკვლელის მსხვერპლთა შორის მამაკაცი და გოგონაც არიან. ოთხის, მათ შორის გოგონას,მისი დედისა და მამაკაცის ვინაობა უცნობია.
“გარყვნილების უკიდურესი ხარისხის დანაშაულები”
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰეიერმანი დააკავეს ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს, ბრალდების წარდგენის შემდეგ, სასამართლომ მისი გირაოთი გათავისუფლება უარყო დანაშაულების “უკიდურესი გარყვნილების” გამო.
”რექს ჰეუერმანი არის დემონი, რომელიც დადის ჩვენ შორის, მტაცებელი, რომელიც ანადგურებს ოჯახებს”, – თქვა საფოლკის ოლქის პოლიციის კომისარმა როდნი ჰარისონმა პრესკონფერენციაზე.
სასამართლო პროცესზე ადვოკატის მეშვეობით ბრალდებულმა თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ამის შემდეგ მას ცრემლები წამოუვიდა.
ჰეუერმანის ადვოკატმა მაიკლ ბრაუნმა თქვა, რომ მისი კლიენტი უკიდურესად დაჩაგრულია და მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს “უკიდურესად ირიბი” უწოდა.
ჰეიერმანის საქმეზე შემდეგი მოსმენა 1 აგვისტოს არის ჩანიშნული.
დნმ პიცის ქერქზე
ჰეიერმანი – არქიტექტორი, რომელიც მანჰეტენზე 1987 წლიდან მუშაობდა – ეჭვმიტანილიად იდენტიფიცირებულ იქნა 2022 წლის დასაწყისში. მას შემდეგ გამომძიებლები აკვირდებოდნენ მას და მის ოჯახს, აგროვებდნენ დნმ-ის ნიმუშებს მათი ნაგვიდან.
ბოლო მტკიცებულება, რომელიც საჭირო იყო ბრალდების წასაყენებლად, სწორედ ნაგავი აღმოჩნდა – პიცის ნარჩენები, რომელიც მან მანჰეტენში 2023 წლის იანვარში ჩააგდო ურნაში, თქვა პროკურორმა.
მისი თქმით, პიცის ქერქზე აღმოჩენილი დნმ-ის სრულფასოვანი ნიმუში იდენტური იყო იმ გენეტიკური მასალისა, რომელიც ნაპოვნია ტომარაზე, რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი იყო გახვეული. ეს იყო გარღვევა გამოძიებაში.
2022 წლის თებერვალში ჰარისონმა შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გილგო ბიჩის მკვლელობების გამოსაძიებლად. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების გარდა, მასში შედიოდნენ ნიუ-იორკის შტატის პოლიცია და FBI.
ჰეუერმანის წინააღმდეგ საქმეში გამოყენებული იყო ჩანაწერები სატელეფონო ანძებიდან, ასევე საკრედიტო ბარათებისა და მობილური ტელეფონის გადასახადები, რომლებმაც გამომძიებლებს აჩვენეს, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს დანაშაულის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდა.
სამართალდამცავები დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულს ჰქონდა სპეციალური „ერთჯერადი“ მობილური ტელეფონები, რომლებითაც მოკლულ ქალებს ურეკავდა, შემდეგ კი ეს ტელეფონები მოიშორა.
გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ ჰეუერმანმა გამოიყენა თავისი მსხვერპლების, ბრეინარ-ბარნსისა და ბართლემის პირადი ტელეფონები მათი ხმოვანი ფოსტის შესამოწმებლად, ასევე რამდენიმე დამცინავი ზარი გააკეთა ქალების ნათესავებთან მათი გაუჩინარების შემდეგ.
კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი საქმეში იყო მწვანე პიკაპი, რომელიც მოწმემ დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა. მოგვიანებით ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ჰეუერმანმა მართავდა მწვანე პიკაპს, რომელიც დარეგისტრირდა მის ძმაზე და დაემთხვა თვითმხილველთა აღწერილობას, იტყობინება CNN.
გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ გასული წლის განმავლობაში, ჰეუერმანმა 200-ზე მეტჯერ შეიყვანა საძიებო სისტემაში კიდევ ერთი „ერთჯერადი“ ტელეფონიდან კონკრეტიზირებული მოთხოვნები სერიულ მკვლელებთან და ლონგ აილენდის მკვლელობის გამოძიებებთან დაკავშირებით.
ტიერნის თქმით, ჰეიერმანის კომპიუტერში ნაპოვნი იქნა „წამების პორნო“ და „ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის სურათები“ .
სხვა ნაპოვნ ცხედრებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
“სამსახურში კოსტიუმით და ჰალსტუხით დადიოდა”
შენენ გილბერტის ნეშტი, რომლის გაუჩინარებით დაიწყო საზარელი აღმოჩენები გილგოს სანაპიროზე, 2011 წელს იპოვეს, მაგრამ ოფიციალურმა გაკვეთამ შედეგი არ გამოიღო. მისი ოჯახი თვლის, რომ ის შეიძლება მოკლული ყოფილიყო, და ეს თეორია, დამოუკიდებელი გაკვეთითაც დადასტურდა, რომელიც მათ შეუკვეთეს.
ამ მოვლენებს მიეძღვნა Netflix-ის სატელევიზიო ფილმი Lost Girls, რომლის მთავარი გმირი იყო გილბერტის დედა, რომელიც აიძულებდა პოლიციას საქმის საწყის ეტაპზე უფრო აქტიურად ეძია მისი ქალიშვილი. ფილმში აღნიშნული იყო, რომ პოლიციაში და საზოგადოებაში ბევრი გოგონების სიკვდილში ისევ გოგოებს ადანაშაულებდა იმის გამო, რომ ისინი პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი.
ჰეიერმანი არის RH Consultants and Associates-ის მფლობელი, მანჰეტენზე დაფუძნებული არქიტექტურული ფირმისა, რომელიც საკუთარ თავს ნიუ-იორკის წამყვან არქიტექტურულ ფირმას უწოდებს.
სააგენტო AP-ის ცნობით, მას ჰყავს ქალიშვილი და გერი ბიჭი.
ეჭვმიტანილის მეზობელი ამბობს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, არქიტექტორი ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა კოსტიუმითა და ჰალსტუხით, პორტფელით ხელში.
ტიერნის თქმით, ჰეუერმანს ჰქონდა ლიცენზია 92 იარაღზე და “ძალიან დიდი სეიფი”, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.