„დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. ზუსტად იმ სიით, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიასაშუალებებიდან. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ კარგად ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა, როცა სასეისიო დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას.
ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ასევე გვესმის, რომ მოთხოვნა, „შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ“, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა. ეს არის ჩვეულებრიივი პროცესი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მნიშვნელოვანია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ჩატარდეს შეფერხების გარეშე.
ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი“
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ჟურნნალისტებისა და მედიამენეჯერების ნაწილს პარლამენტში შესვლის საშუალება არ ეძლევა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.