რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ეხმიანება ლეიბორისტების თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილის განცხადებას და მას სექსიზმად აფასებს.
მისი თქმით, კრიტიკას თავისი წესები აქვს, სექსიზმი კი თავად ნათელაშვილზე მეტყველებს.
“გუშინ, მთავარი არხის ეთერში შალვა ნათელაშვილის სექსისტურ განცხადებას ქალი პოლიტიკოსების მიმართ (ამჯერად, რესპუბლიკელი ქალების მიმართ) მინდა, გამოვეხმაურო:
ბატონო შალვა, ამდენი წელია პოლიტიკაში ბრძანდებით და ჯერ ვერ გაგითავისებიათ (არც გინდათ, აშკარად), რომ ქალები ვიღებთ პერსონალურ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს პოლიტიკაში და თუ რაიმე არ მოგწონთ ჩვენს გადაწყვეტილებებში, კრიტიკას თავისი წესები აქვს! სექსიზმზე გადასვლა და სხვა სამარცხვინო განცხადებები – „სიებში აქეთ-იქით, ქალბატონების როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლების თრევაზე“ – ისევ თქვენზე მეტყველებს”,– წერს სამნიძე.
შალვა ნათელაშვილმა ხათუნა სამნიძეს და თამარ კორძაიას “ტრეფიკინგის მსხვერპლები” უწოდა და ნაციონალურ მოძრაობას უსაყვედურა, რომ ისინი სიაში ჩაწერეს.
“რამდენჯერ უღალატეს რესპუბლიკელებმა, აი, რამდენჯერ, ახლა იმისათვის, რომ ამერიკელებს ასიამოვნონ, ასე ჰგონიათ, მთელ ამერიკას მზე ამოსდის რესპუბლიკელებზე, ჩაუწერეს ორი ღირსებული ადამიანი, ქალბატონები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ და ბერძენიშვილი ვაჭრობს მაგათით. რამ ჩააწერინათ [სიაში]”,– თქვა ნათელაშვილმა მთავარი არხის ეთერში.