ირანელი რეგიონალური თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ისლამური ღირებულებების დაცვაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვიდეო კადრების გამო, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, სხვა მამაკაცთან მისი სექსია ასახული.
ვიდეო, რომელზეც ჩანს გილანის პროვინციის (ის კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და აზერბაიჯანს ესაზღვრება) ისლამური კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზა ცაგატი ინტერნეტში გამოქვეყნდა. ის პირველად ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა, რომლის რედაქტორმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ირანის ოფიციალური პირების მხილებას.
ვიდეოჩანაწერზე ასახული პირების ვინაობა ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუმცა ცაგატი საქმის ყველა გარემოების გარკვევამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ვიდეო სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება და უამრავ გამოხმაურებას იმსახურებს. ბევრი აღნიშნავს, რომ ცაგატი იყო კულტურული ცენტრის დამფუძნებელი, რომელიც ღვთისმოსაობის და ჰიჯაბის ტარების პროპაგანდით არის დაკავებული.
შაბათს, ირანის კულტურის მინისტრმა მოჰამედ მეჰდი ესმაილიმ განაცხადა, რომ ვიდეოს გამოჩენამდე მას არ ჰქონია არანაირი ნეგატიური ინფორმაცია რეგიონალური ოფიციალური პირის შესახებ.
იმავდროულად, გილანის ისლამური კულტურის დეპარტამენტმა 22 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ცაგატის მიერ სავარაუდო ჩადენილი “დანაშაულის შესახებ ეჭვებზე”. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე „გაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს“ და მოუწოდეს ყველას, რომ ვიდეო აღარ გამოიყენონ „ისლამური რევოლუციის დიდებული კულტურული ფრონტის შესუსტებისთვის“.
როგორც სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი წერს, ცაგატის მოხსნა იმის დასტურია, თუ რამდენად განსხვავებულად ექცევა ირანის ხელისუფლება ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის რიგით მოსახლეობას, რომლებსაც ლგბტ თემის წევრობა ედებათ ბრალად, ან ქალებს, რომლებიც არღვევენ ისლამურ ჩაცმულობის დრესკოდს.
ირანში ჰომოსექსუალური ურთიერთობა კანონით აკრძალულია, ასეთი დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი სიკვდილით დასჯაა. ამ შემთხვევებში სიკვდილით დასჯა იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ლგბტ თემის წევრები მუდმივად აწყდებიან დისკრიმინაციას.
ირანელი ქალები ასევე ისჯებიან ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის.
გასული წლის სექტემბერში ირანში მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო.
ამინი პოლიციის ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და მისი ოჯახისა და აქტივისტების თქმით, ის ცემის შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ ქალის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო.