სიკვდილიანობის ასეთ მაჩვენებლებზე, სხვა ქვეყნებში, ოცნებობენ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელმა ერთეული შემთხვევებით მოიმატა.
„არის ინტერპრეტაცია, რომ საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა. ეს კომენტარები სიმართლეს აბსოლუტურად არის აცდენილი. მინდა, გითხრათ, რომ სიკვდილობის მაქსიმუმი, რაც საქართველოში დაფიქსირდა, იყო შვიდი შემთხვევა. ამ მაჩვენებელმა ერთეული შემთხვევებით მოიმატა, რაც საქართველოსთვის არის ბევრი, თორემ სხვა ქვეყნებში ასეთ მაჩვენებლებზე ოცნებობენ.
სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით, ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს“, – თქვა ცერცვაძემ.