საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ეკონომიკური გეგმა წარადგინა. მან ეკონომიკური მიზნების მიღწევის ძირითადი 9 გზა დაასახელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური რეალობა
სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანები სიღატაკისგან, უიმედობისგან, უპერსპექტივობისგან, კორუფციის და ნეპოტიზმით შექმნილი გაუსაძლისი გარემოსგან და ზოგადად, მინიმალური საცხოვრებელი პირობების არქონის გამო – იტანჯებიან. ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი წლები, როდესაც ეკონომიკა ვერ განვითარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე და მედიკამენტებზე მაღალმა ფასებმა, უზარმაზარმა კომუნალურმა გადასახადებმა, უპერსპექტივობამ და ქვეყნის ყველაზე ქმედუნარიანი მოქალაქეებისგან დაცლის პოლიტიკამ, ჩვენს ასობით ათას თანამოქალაქეს დააკარგვინა ჯანმრთელობა, ბევრს სიცოცხლე და ბევრსაც საკუთარ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობაზე ათქმევინა უარი.
ამ ყველაფერს დაემატა პანდემიის არასწორი მართვა, რის შედეგადაც პატარა საქართველომ 15 000 მდე სიცოცხლე დაკარგა. შედეგად, ამ მაჩვენებლით საქართველო 1 მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაში მოხვდა.
წლებია, მთავრობა, როგორც სიტყვით, ისე საქმით, ხალხს უმტკიცებს რომ საქართველო არ არის ბედნიერად ცხოვრების ადგილი, წლებია გვიმტკიცებენ რომ ჩვენ არ დავბადებულვართ იმისთვის, რომ ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ ღირსეულად და ბედნიერად.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მოემსახურება როგორც ქართველო ხალხის კულტურის, ტრადიციის და იდენტობის დაცვას, ისე უზრუნველყოფს მის პროგრესულ მომავალს და კეთილდღეობას.
ტყუილია, რომ ჩვენ არ გვაქვს ამის პოტენციალი და ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ. ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში დაუმტკიცებია, რომ მას ძალიან ბევრი რამის ძალა შესწევს და ის იმსახურებს საუკეთესოს.
ჩვენს ახლო სამეზობლოში, საქართველო საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს აქვს შანსი იყოს ნამდვილი და გამორჩეული ლიდერი. ჩვენს ირგვლივ არსებული უზარმაზარი ეკონომიკებიდან, რუსეთიდან, შუა აზიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან, კაპიტალი მუდმივად ეძებს მისთვის სტაბილურ და დემოკრატიულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს.
ჩვენ უნდა შეძლოთ ირგვლივ ჩვენზე 100 ჯერ დიდი ეკონომიკებიდან გადინებული კაპიტალი გადმოვიტანოთ საქართველოში და ჩავაყენოთ ეს კაპიტალი ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ამისთვის კი, საქართველო უნდა გახდეს, სიმშვიდის, სტაბილურობის და განჭვრეტადი და პროგნოზირებადი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მქონე სახელმწიფო. მხოლოდ ამ ვითარებაში შევძლებთ ამ უზარმაზარი გეოპოლიტიკური პოტენციალის გამოყენებას რეგიონში, სადაც ძალიან დიდი ფინანსური კაპიტალი ტრიალებს.
საქართველო უნდა იყოს ამ დიდი რეგიონის ინფრასტრუქტურული/ლოჯისტიკური, ტურიზმის და გართობის, განათლების, ჯანდაცვის და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის კეთების ცენტრი. ჩვენ უნდა ვიყოთ დაბალი გადასახადების, დაცული კერძო საკუთრების და ეფექტური მცირე ბიუროკრატიის ქვეყანა.
ყველა სხვა მეზობელთან შედარებით, ჩვენ ჩვენი გეოგრაფია სწრაფად უნდა ვაქციოთ ჩვენს მთავარ უპირატესობად. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა ვაჩვენოთ, რომ, ყველა მათგანისგან განსხვავებით, ჩვენ სრულფასოვანი დემოკრატია გვექნება. საქართველომ ჰიბრიდული რეჟიმიდან მთლიანად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში უნდა გადაინაცვლოს.
ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრად ნაკლები ბიუროკრატია, მთლიანად დიგიტალიზებული სახელმწიფო სერვისები; თავისუფალი, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო; ხელისუფლების სტაბილური და დემოკრატიული ცვლა; ბევრად მცირე მთავრობით და სახელმწიფოს ნაკლები ჩარევით ეკონომიკაში; მეტი უსაფრთხოება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში; გადამწყვეტი კი კორუფციის სრული აღმოფხვრა და კერძო საკუთრების დაცვაა.
ეს მოიტანს გეომეტრიული პროგრესიით თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. ჩვენ ვიდექით ამ გზაზე 2013 წლამდე. შემდეგ მოხდა თითქმის 10-წლიანი წყვეტა და ახლა უნდა მივიღოთ 2012 წლამდე არსებულის ბევრად გაუმჯობესებული მოდელი. საქართველოს ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს უმუშევრობის ერთციფრიან მაჩვენებლამდე დაყვანა და ქვეყნიდან გასული ყველაზე კვალიფიციური და შრომისუნარიანი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ეს ყველაფერი, გარწმუნებთ, შესაძლებელია.
მიზნის მიღწევის ძირითადი გზები:
1. სასამართლო რეფორმა, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია. სასამართლოს მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი არაა დამოუკიდებელი და მთლიანად ემორჩილება ერთ კონკრეტულ ფინანსურ კლანს. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციის აქ შემომტანის ინტერესი როგორც კი ამ კლანის ინტერესთან ან სახელმწიფოს (რომელსაც იგივე კლანი მართავს) თუ გადაიკვეთა, ინვესტორი სამართალს ვერ იპოვის და მილიონებს დაკარგავს. არც მისი საკუთრებაა დაცული და, ხშირად, არც მისი უსაფრთხოება.
ასეთ გარემოში ინვესტიციის შემოდინება არის სრულიად არარეალისტური. ის, რაც დღეს შემოდის, ან პანამიდან შემოდის (ანი ივანიშვილის ფულია, რომლითაც ის მთელ საქართველოს ყიდულობს), ან უცხოური ინვესტიციაა, რომელიც წინასწარ „დაკრიშულია“ ივანიშვილის კლანის მიერ მისი წილში ჩასმის სანაცვლოდ. ეს წილი კი აკლდება არა მხოლოდ ინვესტორს, არამედ ბიზნესის განვითარებას, დასაქმებას, ქვეყნის შემოსავალს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი ბიზნესმენის ჯიბეში ჩაყოფილი ხელი, თითოეული ჩვენგანის ჯიბეში ჩაყოფილი ხელია.
სასამართლო სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. უნდა შეიქმნას სასამართლო რეფორმის საკონსტიტუციო კომისია, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ექნება პოლიტიკის მიღმა მყოფ არაპოლიტიკურ აქტორებს – არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა აქტიური ჩართულობით სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ეფექტიანობა.
სასამართლო რეფორმის შედეგად, საქართველოში კანონით მკაცრად უნდა დარეგულირდეს და რეგულაციების აღსასრულებელი რესურსებიც უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან, რომ კერძო და ადმინისტრაციული დავების სამივე ინსტანციის გავლა შეიზღუდოს ვადებში. სარჩელისა თუ განცხადების შეტანის დღიდან, მაქსიმუმ 12 თვეში სასამართლო სისტემა ვალდებული უნდა იყოს, არსებობის შემთხვევაში გაიაროს საქმის სამივე ინსტანცია და უკვე ჰქონდეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. რეფორმის ეს ნაწილი მოიტანს გასაგებ თამაშის წესების დამკვიდრებას ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორთათვის. აღარ იარსებებს საქმეების მრავალწლიანი გაწელვის პრაქტიკა, რაც ხშირად არანაკლებ აზიანებს მოქალაქეებს და ინვესტორებს, ვიდრე თავად არასამართლიანი გადაწყვეტილება.
საქართველომ უნდა დაუშვას ინგლისური სამართლის შეუზღუდავი გამოყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველანაირი კომერციული გარიგებისთვის და მხარეები თვითონ ირჩევდნენ, რომელი სამართლით იმოქმედებენ. ვიდრე გაიზრდება იმ მოსამართლეების თაობა, რომელიც თანაბრად იოპერირებს ინგლისური და გერმანული სამართლით, ყველა ინსტანციის სასამართლოში უნდა შეიქმნას ინგლისური სამართლის პალატა.
სახელმწიფოსთან მსხვილი ქონებრივი თუ საგადასახადო დავის შემთხვევაში, ბიზნესი უნდა იყოს უფლებამოსილი, სურვილისამებრ წინასწარ გაცხადებულ, მსოფლიოში სანდოობით აღიარებულ არბიტრაჟების სიიდან, თავად შეარჩიოს დავის ადგილი და დავის განხილვის სამართალი. ამ მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ავტორიტეტული, საუკეთესო საერთაშორისო არბიტრაჟების წარმომადგენლობის საქართველოში გახსნას.
უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია. ეკონომიკურ დანაშაულებზე, საერთოდ უნდა გაუქმდეს წინასწარი პატიმრობის შესაძლებლობა. პატიმრობა როგორც სასჯელი, ეკონომიკური დანაშაულის აბსოლუტურ უმეტესობაზე, არ უნდა ვრცელდებოდეს და შეიძლება ის დარჩეს განსაკუთრებულად დიდი ოდენობის თანხებზე დანაშაულის არსებობის შემთხვევაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობა უნდა განისაზღვროს კანონით და ის მართლა განსაკუთრებით დიდი ოდენობა იყოს, სულ მცირე, მილიონი ლარი.
2. დეოლიგარქიზაციის კანონი.
ყველა ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა ან/და პარტიების დაფინანსება ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა. ჩვენ საქართველოში გვჭირდება ბევრი შეძლებული მოქალაქე, მაგრამ ბევრი მოქალაქის კეთილდღეობა არ გაუმჯობესდება თუ ქვეყანაში მონოპოლია აქვს ერთ ან რამდენიმე სუბიექტს, რომლებიც მონოპოლიის შესანარჩუნებლად იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს, და პირიქით, პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით ქმნის მონოპოლიებს. უნდა მოვახდინოთ დიდძალი ფულის და პოლიტიკის განქორწინება.
3. ენერგეტიკული განვითარება
„საქართველო ჰესების ქვეყანაა“ – მოძველებული და არასწორი თეზაა. „საქართველო ჰესების გარეშე“ – არარაციონალური და გაუმართლებელი. საქართველოში ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს სრული, ღრმა და კვალიფიციური ანალიზის შედეგად. ჰესი უნდა იყოს სრულიად უსაფრთხო და ასევე მინიმიზირებული უნდა იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ამ თვალსაზრისით, პირადად ჩემთვის დიდი და გიგანტური ჰესები, ვფიქრობ, რთული წარმოსადგენია, მით უფრო ქვეყანაში, რომელიც პარალელურად აცხადებს, რომ ტურისტული ქვეყანაა და აქვს უნიკალური და ენდემური ლანდშაფტები. მცირე და მიკროჰესები – ესაა უნდა იყოს ჩვენი ჰიდროენერგეტიკის მთავარი ხერხემალი. ხოლო, ზოგადად, ენერგეტიკაში, უმნიშვნელოვანესი და, დროთა განმავლობაში, წამყვანი როლი უნდა დაეკისროს ქარის და მზის ენერგიის გამოყენებას. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია ინვესტორების მოზიდვა და ამისთვის მათთვის ხელსაყრელი საგადასახადო თუ სხვა ტიპის შეღავათების შექმნა.
საქართველოში უმწვავესად დგას ბიტკოინების პრობლემა. უკვე გვაქვს შედეგი, რომ ბიტკოინებით კიდევ უფრო გამდიდრდა ისედაც მდიდარი ადამიანები და მათი ბიტკოინებისთვის საჭირო დენის გადასახადს გაჭირვებული ადამიანები იხდიდნენ და იხდიან. ასევე, ხდება აფხაზეთის მიმართულებით არაადეკვატური ელ.ენერგიის გადასროლა, რომელიც აფხაზური და ქართული კლანების ბიტკოინების წარმოებას ხმარდება. იკარგება დენიც, და უკვალოდ იკარგება ბიტკოინებიც. არ მუშაობს სახელმწიფოს მხრიდან პროცესის ზედამხედველობის და საგადასახადო მონიტორინგის არანაირი მექანიზმი.
არადა, ბიტკოინების ქარხნები, სწორედაც რომ შეიძლება სასარგებლო გამოდგეს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. თუ სახელმწიფო აკრძალავს ბიტკოინების მასიურ წარმოებას ყველასთვის, გარდა იმისა, ვინც ქარის და მზის ენერგიის წარმოებაში ჩადებს ინვესტიციებს. ორმხრივად სასარგებლო და მომგებიანი ურთიერთობა, ერთის მხრივ, მზის სინათლეზე გამოიტანს ბოტკოინების წარმოებას და შესაძლებელი გახდება ამ წარმოების მონიტორინგი სახელმწიფოს მხრიდან. მეორეს მხრივ, გააჩენს ენერგეტიკაში ინვესტირების უმნიშვნელოვანეს სტიმულს. და ბოლოს, მნიშვნელოვნად შეამცირებს დენის ტარიფს.
4. ბიუროკრატია ხალხისთვის, არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება
დღეს სახელმწიფო სექტორი ეკონომიკის ზრდის მთავარი მუხრუჭია. საბიუჯეტო სექტორში ერთი დამატებითი სამუშაო ადგილი, სადაც ადამიანებს პარტიული ან ნათესაური ნიშნით ასაქმებენ, გვაკარგვინებს 2-3 სამუშაო ადგილს კერძო სექტორში. აიპ-ებისა და სსიპ-ების სერვისების დიდი ნაწილი კერძო სექტორშია აუთსორსზე გასაშვები გამჭვირვალე ტენდერების საფუძველზე.
სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი ციფრულ მართვაზე უნდა გადავიდეს. ეს ნიშნავს ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულებების შემცირებას, ბიზნეს-პროცესების დაჩქარებას. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება გაიაროს სასაზღვრო პუნქტი ისე, რომ პასპორტი ჯიბიდან არც ამოიღოს და მესაზღვრე საერთოდ არ ნახოს. ბევრი ნებართვის აუცილებლობა საერთოდ უნდა გაუქმდეს. ბოლო წლებში უამრავი სფეროში შემოიღეს ნებართვები, რაც გამოიყენება კორუფციისათვის და სახელისუფლებო კლანის წევრებისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად.
ჩვენ გვჭირდება მცირე და ეფექტიანი ბიუროკრატია, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა პირიქით, ხალხი გაიღებს ყველაფერს ბიუროკრატიის შესანახად. ბიუროკრატიის ფართომასშტაბიანი რეფორმის შედეგად უნდა გაიზარდოს ხელფასი მათ ვინც რეალურად და პატიოსნად ემსახურება ქვეყანას. დრამატულად შემცირდეს ბიუროკრატიის მომსახურების ხარჯები (მანქანები, საწვავი, ტელეფონი, ავეჯი და ასე შემდეგ). საჯაროდან კერძო სექტორში ადამიანების პორტირება უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ, ამისთვის სრულიად შესაძლებელია მათ სამსახურის ძიების პროცესში 1 წლამდე ვადით შეუნარჩუნდეთ ხელფასის დიდი ნაწილი.
5. ერთი გადასახადის პრინციპი
საქართველო უნდა იყოს დაბალი გადასახადების და ეფექტური მცირე ბიუროკრატიის მქონე ქვეყანა. ერთია ეკონომიკის რა წილი ამოგვაქვს გადასახადებიდან ბიუჯეტში, მეორეა რამდენი გადასახადით ვაკეთებთ ამას.
საქართველომ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ მას აქვს კურსი 1 გადასახადის მქონე ქვეყნისკენ. საქართველოში საგადასახადო წესები უნდა იყოს მარტივად ადმინისტრირებადი და ყველასთვის გასაგები, რომელიც არ ტოვებს ინტერპრეტაციების საშუალებას. ერთი გადასახადის პრინციპი ნიშნავს რომ საგადასახადო დავების 80-90 პროცენტი უბრალოდ აღარ იარსებებს, მორჩება ყველანაირი გაუგებრობები და ბიზნესის გაუთავებელი დავები სხვადასხვა საბჭოებში, სასამართლოებში და არბიტრაჟებში.
ამის გარდა ერთი გადასახადის პრინციპი კომპანიებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს აღრიცხვიანობის პროცესს, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწევს დღევანდელ დღეს ორგანიზაციებს. თავის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ 21-დან მხოლოდ 6 გადასახადი დატოვა, მაგრამ ამან მოიტანა შემოსავლების ზრდა, ბიზნესის კეთების გამარტივება, ახლა უფრო თამამი ნაბიჯები გვჭირდება. ახლა საგადასახადო წნეხის შემცირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება, რაც ბიზნესს დაცულად აგრძნობინებს თავს.
6. ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი
საქართველო უნდა იქცეს რეგიონის ლოჯისტიკურ ცენტრად. ამისთვის საჭიროა თამამი ინფრასტრუქტურული პროექტები. პირველ რიგში უნდა შეწყდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან ასობით მილიონი ლარის მოპარვის პრაქტიკა და ფსევდო ტენდერების ჩატარება.
უნდა განხორციელდეს ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა სწრაფი რკინიგზა (ე.წ. ტეჟეკა): მარშრუტებზე: თელავი-თბილისი-ქუთაისი – ზუგდიდი და თელავი-თბილისი-ქუთაისი – ზუგდიდი. საქართველოს ნებისმიერ ორ წერტილს შორის მანძილის დაფარვა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.
საქართველოში უნდა გაჩნდეს საერთაშორისო ჰაბ აეროპორტი, რომელიც წაართმევს სატრანზიტო რეისებს სტამბოლის ისედაც ძალიან გადატვირთულ აეროპორტს. ასეთად წარმომიდგენია არც თბილისის და არც ბათუმის აეროპორტი. ჰაბის ცენტრი უნდა გახდეს საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი – ქუთაისი და იქ აშენდეს მთავარი მძლავრი, მრავალტერმინალიანი აეროპორტი. ქუთაისის აეროპორტზე უნდა გადიოდეს ხსენებული სწრაფი რკინიგზა, რომლითაც ერთ საათში ჩახვალ თბილისშიც, ბათუმშიც, და ზუგდიდი (ლაზიკა/ანაკლია). ამას ჭირდება მთავრობის აქტიური ჩარევა, სწრაფი რკინიგზის პროექტის განხორციელება, მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.
ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე აეროპორტების გაჩენა ყველა მნიშვნელოვან ქალაქში, განსაკუთრებით, მაღალმთიან საკურორტო ცენტრებში. ამ აეროპორტებს უნდა მოემსახუროს მცირეგაბარიტიანი თვითმფრინავები და ვერტმფრენები. ეს, პირველ რიგში, ტურიზმისთვისაა უკიდურესად მნიშვნელოვანი.
ინფრასტრუქტურა არის ის, რაშიც ინვესტიციის მოზიდვა საერთაშორისო ფონდებიდან არის ყველაზე მარტივი და ყველაზე სწრაფად შესაძლებელი. ცხადია, თუ ამ ინვესტიციის გამოყენება ეფექტიანი და კორუფციისგან დაცლილია.
7. ლაზიკა
საქართველოში დღესაც კი შეიძლება მოზიდულ იქნეს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მიუხედავად, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. უფრო მეტიც, ეს პროექტი არის ის ჯადოსნური გასაღები, რომელიც კეთილდღეობის კარს გაუღებს ასობით ათას ქართველს და განტვირთავს სხვა დიდ ქალაქებს. დასავლეთ საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ქვეყნის მეორე დიდი ქალაქი, რომელიც იქნება მისი ფინანსური დედაქალაქი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველები გადავამისამართოთ არა პოლონეთში ან თურქეთში, არამედ ქვეყნის შიგნით გავაჩინოთ ახალი დიდი ლოჯისტიკური, ტურისტული, ფინანსური, საწარმოო ცენტრი, სადაც ადამიანებს ექნებათ დიდი შემოსავალი.
დუბაის, სინგაპურის, მაიამის და იგივე ბათუმის მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ მობილურ და გლობალიზებულ მსოფლიოში არის დიდი მოთხოვნა თანამედროვე ურბანულ ცენტრებზე, სადაც იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე მომსახურება, თავისუფლება და ამავე დროს, უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა, სამედიცინო მოსახურებისა და განათლების მიღების შესაძლებლობები.
აქცენტი უნდა გაკეთდეს არა უბრალოდ იმაზე, რომ უცხოეთში წარმატებულმა ქართველმა აქ ბინის იყიდოს, არამედ ბიზნესების გადმოტანაზე. უნდა არსებობდეს საშეღავათო პირობები, როგორც კორპორაციების დაფუძნების, ასევე დაბეგვრის, დაკრედიტების და სხვა მიმართულებითაც.
მაქსიმუმ 10 წელიწადში, შესაძლებელი გახდება 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ქალაქსა და მის გარშემო გაშლილ პროექტებში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლაზიკა აუცილებლად იქნება საქართველოს დეოკუპაციის ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზა.
8. სოფლის მეურნეობა
საქართველო ბუნებრივი გარემო უნიკალურია, კავკასია და საქართველო გამორჩეულია მისი ბიომრავალფეროვნებით. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა სახის გეოგრაფიული გარემო და ლანდშაფტი – სუპტროპიკებიდან დაწყებული, უდაბნოთი დამთავრებული.
სოფლის მეურნეობას საქართველოში ნამდვილად აქვს უზარმაზარი პოტენციალი. სოფლის მეურნეობაში მთავრობის მთავარი როლია ახალი ტექნოლოგიების – როგორც ტექნიკის, ასევე ახალი კულტურების და ჯიშების შემოტანა. ამაში ინვესტიციის განხორციელება ნამდვილად გამართლებულია. ჩვენ არ უნდა შევსვათ სოფლის მეურნეობა დოტაციის ნარკოტიკზე. გლეხებს უნდა ვასწავლოთ, ერთის მხირვ, უფრო მარტივად და, მეორეს მხრივ უფრო მეტი და ხარისხიანი მოსავლის თუ ნამატის მიღება.საჭიროა აგრარული მენეჯმენტის უნარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლოესი ცოდნის შემოტანა ქვეყანაში. ამისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა საგადასახადო რეჟიმების გადახედვაც, განსაკუთრებით სამეურნეო გაერთიანებების სტიმულირების კუთხით.
გადამწყვეტია, რეგიონებში გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ პროდუქტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიოდეს უკვე გადამუშავებული სახით, რაც შემოსავალს მკვეთრად გაზრდის. საჭიროა ღვინის ახალ ბაზრებზე გაყვანის სრულიად განსხვავებული და ინოვაციური სახელმწიფო პროგრამა.
აუცილებელია რეალური აგრარული დაზღვევის სისტემის გაჩენა. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი სადაზღვევო პოლისები არ არსებობს ან ძალიან ცუდად მუშაობს, რის გამოც სოფლად დასაქმებული ადამიანები ზარალდებიან და სრულიად დაუცველნი არიან და პირისპირ დატოვებულნი ფორსმაჟორული მოვლენების წინაშე (სეტყვის და სხვა კლიმატური პრობლემების გამო).
ასევე, უნდა ვეცადოთ შევამციროთ შუამავლების რაოდენობა სოფლის მეურნეობის სფეროში და გლეხებმა თავად შეძლონ გახსნან მომცრო ზომის ქარხნები ან შეიძინონ დანადგარები, რათა თავადვე შექმნან საბოლოო პროდუქცია, რომელიც გავა ექსპორტზე უფრო მაღალ ფასად ვიდრე პირდაპირ ნედლეული. ეს მარტივს გახდის პროდუქციის გაყიდვას გაცილებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად.
ექსპორტი მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორი ჩვენსავე ქვეყნის მოთხოვნილებებს ვერ უზრუნველყოფს. ჩვენი უნიკალური, მაღალხარისხიანი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ქართული სამზარეულოს ბრენდირების და პოპულარიზაციის პირობებში, დღევანდელი წარმადობის ორჯერ და სამჯერ გაზრდის პირობებშიც კი, შესაძლებელია სრულად აითვისოს ადგილობრივმა ბაზარმა.
9. ქართული სილიკონის ველი
უმნიშვნელოვანეს პროექტად მიმაჩნია ქართული ე.წ. სილიკონის ველის შექმნა საქართველოს რომელიმე ქალაქში. ეს გააკეთა თავის დროზე ბელორუსმა და დღეს ბელორუსი პროფესიონალები პროგრამირების და ქსელური მომსახურების ლიდერები არიან მთელ მსოფლიოში. ტოლს არ უდებენ ინდოელებს, ვინც ბოლო ათეული წელია ლიდერია ამ სეგმენტში. უნდა ავიღოთ ნებისმიერ ქართული ქალაქი, სასურველია დედაქალაქთან ახლოს, მაგალითად რუსთავი და გამოვაცხადოთ ის ნულოვანი გადასახადების ზონად. სიმბოლურ ფასად გავყიდოთ მიტოვებული და განადგურებული ფაბრიკა-ქარხნები საინვესტიციო ვალდებულებით.
ჩემს მიერ ხსენებული ბელორუსები, ახლა გამოქცეულნი არიან თავისი სამშობლოდან და ძირითადად ბათუმსა და თბილისში არიან. სამწუხაროდ, მათ ოცნების ხელისუფლება ყოველმხრივ ავიწროებს, იმის ნაცვლად, რომ მათი უზარმაზარი პოტენციალი გამოიყენოს. მათი და სხვა ქვეყნებიდან შემოსული კომპანიებისთვის ქართული სილიკონის ველი უნდა გახდეს უსაფრთხო და კომფორტულ სამოთხედ. საპასუხოდ, მივიღოთ ქართველი ახალგაზრდობის დასაქმება, კვალიფიკაციის ამაღლება და მსოფლიო დონეზე გასვლა. ქართველი სტუდენტები ფოერქსის თაღლითურ სქემებში კი არ უნდა იყვნენ ჩართულები, არამედ ლეგალურ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობდნენ, მაღალი ხელფასითა და უმაღლესი პროფესიული სტანდარტებს ეუფლებოდნენ. აქვე, უნდა აშენდეს პროფილური უმაღლესი კლასის უნივერსიტეტი, სადაც ასწავლიან მსოფლიო რანგის სპეციალისტები. საქართველოს სწორება უნდა ჰქონდეს მაგალითად, სკაიპის გამომგონებელ ესტონელ ახალგაზრდობას, და არა ფორექსის თაღლითური სქემებში ჩართულ მესამე ქვეყნების ახალგაზრდობას.
ახალ ტექნოლოგიებში შემოსული ფული, შემოიტანს ახალ ცოდნას, მრავალ ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს და ახალ პერსპექტივებს.
ასევე, მაგალითად, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი სამხედრო პროდუქციის წარმოების კუთხით. უნდა მოხდეს წარმოების აღდგენა, ამ პროდუქტზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება და ბაზრების გეოგრაფია სულ უფრო გაფართოვდება. საჭიროა დავუბრუნდეთ ქართული დიზაინის, ბრენდის მსოფლიო პოპულარიზაციას, ვინაიდან ამ მიმართულებით აშკარად გვაქვს პოტენციალი, როგორც ინდუსტრიული, ასევე ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით.
სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, ნამდვილად არ არის მითი. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ ღირსეულად და ბედნიერად. და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.