“სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე“ – რას წერდა დღიურში 14 წლის ნინი თვითმკვლელობამდე

Jamnews–ს წყარო უყვება 14 წლის ნინის შესახებ, რომელმაც სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა.

წყაროს ინფორმაციით, ნინიმ 24 წლის ჩაქველი ნიკა ინტერნეტით გაიცნო, რის შემდეგაც ისინი ონლაინ 6 თვის განმავლობაში საუბრობდნენ.

ბიჭმა ნინის პირველად სოფელში ნოემბერში ჩააკითხა. მაშინ მოხდა მათ შორის პირველი სექსუალური კავშირიც.

წყაროს ცნობით, ნინი თავს ბიჭის საცოლედ მიიჩნევდა. ბიჭიც ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ცოლად შერთვას პირდებოდა. დეკემბრის დასაწყისში ბიჭი მეორედ ჩავიდა ნინისთან. ეს იყო მათი მეორე შეხვედრა და მეორე სექსუალური კავშირი.

როგორც ირკვევა, მეორე შეხვედრის ბიჭმა ნინისთან კონტაქტი გაწყვიტა, რის გამოც ნინიმ თავის ბიცოლას უთხრა, რომ ორჯერ ჰქონდა სექსუალური კავშირი უფროს კაცთან, რომელმაც ის მოატყუა და შემდეგ მიატოვა.

პოლიციას ოჯახმა 2020 წლის 10 დეკემბერს მიმართა და გამოძიება დაიწყო.

„ნინის მონაყოლით მაშინვე დადგინდა მოძალადის ვინაობაც. თუმცა, ის ამ დრომდე არც კი დაუკითხავთ, რადგან მან სასამართლოს გარეშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, რისი უფლებაც კანონით ჰქონდა.

ნინის ექსპერტიზა ჩაუტარეს. უნდა დაედგინათ, იყო თუ არა შეღწევა. სანამ ექსპერტიზის პასუხი არ იქნებოდა, პირს რომელმაც ასე დაამცირა არასრულწლოვანი, სასამართლო წესითაც კი ვერ იბარებდნენ გამოსაკითხად. კანონით ასეა,“ – ამბობს JAMnews-ის წყარო.

14 წლის ნინი პირად დღიურებს წერდა.

„მისი ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერია ასეთია: „სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე“. ფაქტია, რომ ბავშვი მოლოდინში იყო, რომ დასჯიდნენ იმას, ვინც ასე მოექცა,“ – ამბობს ის. მისივე თქმით, ნინის ბლოკნოტი ახლა პოლიციას აქვს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულ ახალგაზრდა კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ედება, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

რაც შეეხება გოგოს გარდაცვალებას, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.