,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, სიმართლე ერთია, რომ ნებისმიერი სახის შეკრება ვირუსის მასიურად გავრცელების საფრთხეს შეიცავს, თუმცა ამ სიმართლეს არ ამბობს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი.
მელიას თქმით, ამ სიმართლის აღიარება არ სურს საპატრიარქოს, ვიწრო ჯგუფს, რომელთა ახირება ,,სასაკლაოდ აქცევს ქვეყნას”.
,,შექმნილ ვითარებაში სიმართლე ერთია – ნებისმიერი სახის შეკრება შეიცავს ვირუსის მასიურად გავრცელების უდიდეს საფრთხეს.
ამ სიმართლეს პრინციპულად არ ამბობს ხელისუფლება.
ამ სიმართლის აღიარება არ სურს გავლენიან ინსტიტუტს – საპატრიარქოს, რადგან რატომღაც ხედავენ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს.
ამ სიმართლის თქმას გაურბის ოპოზიციის ნაწილი.
დიახ, ისინი ჩვენ სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან, ჩვენ კი ოღონდ მათ არ ვაწყენინოთ, დისკომფორტი არ შევუქმნათ, უარს ვამბობთ სიმართლის თქმაზე და საფრთხეში ვაგდებთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას
სიმართლის გაგონება არ სურთ ვიწრო ჯგუფს, რომელთა ახირება სასაკლაოდ აქცევს ქვეყანას + დიდი ხნით დაანგრევს ეკონომიკას და ბევრი მაინც უბრალოდ ხმას არ ვიღებთ, ყველა ვერიდებით სიმართლის თქმას, გვერდზე ვწევთ, გვერდს ვუვლით, თვალს ვუხუჭავთ ჭეშმარიტებას და ისე გვინდა ვემსახუროთ ჭეშმარიტებას”,- წერს Facebook-ზე ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. ჩაკეტილია ქვეყნის 4 ყველაზე დიდი და რამდენიმე პატარა ქალაქი. ასევე, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრებაც. ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც აპირებს. ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ რეჟიმში აღევლინება. საპატრიარქო აცხადებს, რომ მრევლი დისტანციას დაიცავს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ,,მოქალაქეების გონიერებისა და სიბრძნის იმედი აქვს”, რადგან, როგორც ის ამბობს ,,გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო”. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლიდან მთავრობა ისე უნდა გამოვიდეს, რომ არ დაანგრიოს არც სახელმწიფო და არც ეკლესია.