“სიმდაბლე, უპასუხისმგებლობა, ობსტრუქცია“–ბაიდენი ტრამპს გარდამავალ ეტაპზე ხელშეშლაში ადანაშაულებს

აშშ–ს არჩეული პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. ბაიდენის განცხადებით თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია გარდამავალ პერიოდში პრობლემებს ქმნის, რომელთაგან მთავარი პენტაგონის საბიუჯეტო დოკუმენტებთან წვდომის შეფერხებაა.

აშშ–ს ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, ამან შეიძლება ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების სისტემაში პრობლემები შექმნას:

“ჩვენ გვექმნება პრობლემები პენტაგონის და აშშ–ს საბიუჯეტო–ადმინისტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელობასთან. ვერ ვიღებთ ინფორმაციის საჭირო მოცულობას წარმავალი ადმინისტრაციისგან ნაციონალური უსაფრთხოების საკვანძო ასპექტებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ასეთი საქციელი უბრალოდ უპასუხისმგებლობაა. საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის ნებისმიერმა შეფერხებამ, რაც მრავალი სამთავრობო სამსახურის და ორგანიზაციის მუშაობას უკავშირდება, შესაძლოა მომავალში დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ეს წარმოუდგენელი სიმდაბლეა – როგორც პიროვნული, ისე მორალური. ამან შეიძლება გამოიწვიოს, და უკვე გამოიწვია კიდეც ნორმალური პოლიტიკური პროცესის ატროფირება“– თქვა ბაიდენმა.

სპეციალურ კომუნიკეში უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტოფერ მილერმა ბაიდენის განცხადება გააპროტესტა და თქვა, რომ პენტაგონის მაღალჩინოსნებმა უკვე ჩაატარეს 160–ზე მეტი შეხვედრა 400–ზე მეტ ადამიანთან, რომლებიც აშშ–ს 46–ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიკავებენ თანამდებობებს.

ცერემონიალი მომავალი წლის 20 იანვარს ჩატარდება.