გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია ყვება, რომ მის შვილიშვილს მამა სისტემატურად სცემდა და აწამებდა, თუმცა პოლიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდა.
“სიმინდებს დაუყრიდა ძირს და მუხლისჩოქა აყენებდა, თოთო ბავშვი რატო ტირისო. ოჯახში რაც ხდებოდა ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ. წლებია ათასჯერ მივიდა პოლიციამ იმ ოჯახში სადისტური მოპყრობის გამო. ერთხელ მე ვუჩივლე, თოფით რომ კლავდა, თავის შვილს კლავდა თოფით. თოფი ამოიღო პოლიციამ. ის თოფიც დაიმალა, ის მკვლელობის (მცდელობაც) დაიმალა. მეზობლები მეუბნებოდნენ, ჩვენც დავიღალეთო ამ კომფლიქტითქო. მიშველე, დანით დამდევს მოსაკლავადო.
ფულს გამომიგზავნიო? არ გაღირსებო (ცოლს) უთქვამს. მაშინ თუ ფულს არ მაღირსებო, აღარც ამ შვილის ხმას გაიგონებო. ბავშვი ამბობდა, არ გამიშვა სახლშიო, არ გამატანო ამასო, იმას მაინც წაუყვანია. მაშინ პატრულის ნომერი ჩამაწერინე, სანამ მამა მოვაო”,- ყვება გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია.
ბებია ამბობს, რომ შვილიშვილს თავისთან დარჩენას სთავაზობდა, მაგრამ ბავშვი პასუხობდა, რომ მამამისი მასაც მოკლავდა, ამიტომ არ რჩებოდა.
49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.