სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა – ბაჩალიაშვილის მამა

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ცხედარი და მანქანა მისი პოვნის ადგილზე სოფლებში შუქის ჩაქრობის შემდეგ მიიტანეს.

“ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული… სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა“ – ამბობს ბაჩალიაშვილი.

დღეს თეთრიწყაროში, იმ ადგილზე, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტები ტარდება. საქმის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დღევანდელი ექსპერიმენტის დროს ავტომანქანაში ტემპერატურას გაზომავენ. ადვოკატს ეჭვებს სწორედ ხუთდღიანი ძებნის შემდეგ აღმოჩენილ მანქანაში არსებული ტემპერატურა უჩენს.

ექსპერიმენტში გამოიყენებენ გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანის მსგავს ავტომობილს, რომელიც იმ მარშრუტს გაივლის, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ბაჩალიაშვილმა გაიარა.