სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა სანქციები რომლებიც  შეეხება 4 რუსულ ბანკს, ცენტრალურ ბანკსა და რუსეთის ხელისუფლებას. სინგაპური ასევე სამხედრო ექსპორტზე ემბარგოს დაუწესებს რუსეთს.

“დავაწესებთ ექსპორტის კონტროლს იმ ნივთებზე, რომლებიც, შესაძლოა, გამოიყენონ პირდაპირ იარაღად უკრაინელებისთვის ზიანის მიყენების ან დამორჩილების მიზნით. ასევე, ნივთებზე, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყონ კიბერ ოპერაციებს”. – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სანქციების მიხედვით:

  • სინგაპური უარს იტყვის რუსეთის ყველა მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საქონლის, ტექნიკის, კომპიუტერების, “ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების” ნივთების მიწოდებას.
  • სინგაპურის ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება ან საქმიანი ურთიერთობა რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის, VTB ბანკთან, VEB.RF-სთან, Promsvyazbank-სა და Bank Russia-სთან.
  • იკრძალება ტრანზაქციები ან სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა რუსეთის მთავრობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, ასევე, მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სუბიექტისთვის.
  • იკრძალება ფინანსური მომსახურების მიწოდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სექტორში.