ადვოკატის, აიჰან ჰასანლის განცხადებით, ინსაფ ალიევმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს. ინსაფ ალიევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ესაჭიროება მედიკამენტების მიღება.
„სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო.
ცოტა ხნის წინ ვიყავი მასთან. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით: გუშინ, ინსაფ ალიევმა განაცხადა, რომ მათ საკანში არსებობდა არაადამიანური და არაჰუმანური პირობები კერძოდ, დიდი რაოდენობით ტარაკნები. ამის შემდეგ, ალიევი და მისი თანამესაკნეები 186-ე საკნიდან გადაიყვანეს 248-ე საკანში. ახალ საკანში არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც ვერ იღებდნენ საკვებს და ფაქტობრივად, შეეზღუდათ წვდომა კვებაზე.
ინსაფ ალიევმა დახმარების თხოვნით მიმართა უფლებამოსილ პირს, თუმცა ხუთი საათის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში, კვება და ჰიგიენა კვლავ პრობლემად რჩებოდა. საბოლოოდ, მან ფეხით კარზე დააკაკუნა იმ იმედით, რომ ვინმე გამოეხმაურებოდა და დახმარებას შესთავაზებდა, თუმცა ამის ნაცვლად შედგა აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ. იმავე საღამოს ალიევი გადაიყვანეს 5-დღიან იზოლაციაში – სამარტოო საკანში.
აღსანიშნავია, რომ ინსაფ ალიევს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ. მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე.
სანამ მას სამარტოო საკანში გადაიყვანდნენ, ალიევმა სცადა აეხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა წამლების და პირადი ნივთების აღება საკნიდან. ამის ნაცვლად, მას დაადეს ხელბორკილები და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს (ფაქტობრივად, ათრიეს) იზოლაციაში.
მანამდე კი, როდესაც აღნიშნა, რომ ახალ საკანში შეზღუდული ჰქონდა წვდომა წყალზე და კანალიზაცია იყო გაუმართავი, ალიევი დროებით დააბრუნეს 186-ე საკანში, სადაც ახლახან იყო ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები. საკანში იდგა ძლიერი ქიმიური სუნი, რის გამოც ინსაფ ალიევმა ორჯერ იგრძნო თავი ცუდად და მოუწია ექიმთან გადაყვანა.
ინსაფ ალიევმა პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა.
საჯარო დამცველის აპარატი უკვე ინფორმირებულია და საქმის კურსშია“,- წერს ადვოკატი.