სინდისმა მიკარნახა, რომ ხელმოწერა დამეტოვებინა – რუსთაველზე, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდასაჭერი ხელმოწერების შეგროვება ამ დრომდე გრძელდება. უკრაინის დროშაზე საქართველოს მოქალაქეები საკუთარ გზავნილებს ტოვებენ რომელსაც შემდეგ, ოპოზიციური ლიდერები, რადას დეპუტატებს გადასცემენ. ადგილზე მისული იყო ასევე რუსეთის მოქალაქეც რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ხელისუფლებამ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რადგან თანამოაზრეებთან ერთად, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებს აწყობდა.
“ვფიქრობ, რაც ახლა ხდება უკრაინაში ეს არის მიუღებელი, რადგან უკრაინელები მოძმე ერია. აქ რომ მოვედი, სინდისმა მიკარნახა, რომ უნდა გავჩერებულიყავი და ჩემი ხელმოწერა დამეტოვებინა. მე საქართველოში ჩამოვედი და გარკვეული პერიოდი აქ ვიქნები იმიტომ, რომ პოლიტიკური აქტივისტი ვარ და გარკვეულწილად, დისიდენტიც. მე და ჩემი თანამოაზრეები რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებს ვაწყობდით და ამის გამო ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს”, – თქვა ნიკოლაი ბაშმაკოვმა.