სირიაში ირანის დაზვერვის ხელმძღვანელი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი წევრი დაიღუპა დამასკოს ერთ–ერთ რაიონში სარაკეტო დარტყმის შედეგად. ირანმა ისრაელი ტერაქტში დაადანაშაულა.
სარაკეტო იერიში დამასკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე მეზეს რაიონში მოხდა. ეს არის შედარებით პრესტიჟული ტერიტორია, სადაც განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინა დამასკოში, რიგი საელჩოები და სამხედრო აეროდრომი.
დაღუპულთა შორის არის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი სირიაში. ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr წერს, რომ სირიაში გვარდიის კორპუსის დაზვერვის ხელმძღვანელი იუსეფ ომიძადე და მისი მოადგილე მოკლეს.
მეზეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA მომხდარს “ისრაელის აგრესიის აქტს” უწოდებს.
სირიის დედაქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე ისრაელს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გასული წლების განმავლობაში ისრაელი რეგულარულად ახორციელებდა დარტყმებს სირიის ტერიტორიაზე – ობიექტებზე, სადაც ისრაელის სამხედროების თქმით, შესაძლოა განლაგებული იყოს ირანული ბაზები. ეს დარტყმები გახშირდა გასული წლის ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ლიდერები მუდმივად იმყოფებიან სირიაში მას შემდეგ, რაც 2011 წელს ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო .
მთელი კონფლიქტის განმავლობაში, ირანი, რუსეთთან ერთად, მხარს უჭერდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მეამბოხეებთან და მისი რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებაში.
დეკემბრის ბოლოს, ისრაელის დარტყმის შედეგად დამასკოს გარეუბანში დაიღუპა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 11 წევრი, მათ შორის მისი ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი საიდ რეზა მუსავი, რომელიც დაეხმარა თეირანსა და დამასკოს შორის თანამშრომლობის კოორდინაციას.
16 იანვარს ირანმა დარტყმები დაიწყო პაკისტანის ტერიტორიაზე – სუნიტური დაჯგუფების ჯაიშ ალ-ადლის ორ ბაზაზე, რომელსაც თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დარტყმები განახორციელა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ერთი სარაკეტო დარტყმა ერაყის ქურთისტანის რეგიონში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მოსადის შტაბ-ბინას მოხვდა.
18 იანვარს ისლამაბადმა დაარტყა რამდენიმე სამიზნეს ირანში.
ირანი დიდი ხანია მხარს უჭერს ისლამურ რადიკალებს, რომლებიც იბრძვიან ისრაელის წინააღმდეგ, მაგრამ ურჩევნია იმოქმედოს მისი მარიონეტული ჯგუფების – მათ შორის შიიტური ჰეზბოლას, იემენელი ჰუსიტების და სხვადასხვა ერაყული ჯგუფების მეშვეობით იმოქმედოს, ვიდრე უშუალოდ.