#სირცხვილია უწყებებს მოუწოდებს, ტერიტორიის მოსაწყობად 20 ივნისს გზა 17:00 საათზე გადაკეტონ

მოძრაობა სირცხვილია შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიას მოუწოდებს, 20 ივნისის , აქციამდე 2 საათით ადრე, 17:00 საათიდან რუსთაველის გამზირი გადაკეტონ, რათა ტერიტორიის მოწყობა შეძლონ. მათი განცხადებით, ადგილზე უნდა მოეწყოს დისტანცირების ნიშნულები და სხვა ზომები, რისი საშუალებითაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაიცავენ.

“აქციის ჩატარებას ვგეგმავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, დისტანცირებით.

იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირი წინასწარ მოვამზადოთ შეკრებისთვის, უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ნორმები და გავაკეთოთ დისტანცირებისთვის საჭირო ნიშნულები, ტერიტორია მოვაწყოთ აუცილებელი ინვენტარით და გავმართოთ ხმის სისტემა, საჭიროა სამანქანო მოძრაობა შეიზღუდოს 17:00 საათიდან.

გზის გადაკეტვის წინასწარი საჭიროების გამო, ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას განცხადებით, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი და ხელი შეუწყონ მოქალაქეების უფლებების – შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად.

მოძრაობა სირცხვილია მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს (თბილისის მერია, შსს) უზრუნველყონ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, 17:00 საათიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, დაგეგმილი აქცია ჩავატაროთ ჯანმოს ყველა რეკომენდაციის დაცვით. ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, გაუწიოს მეთვალყურეობა აღნიშნულ პროცესს და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერს მოძრაობა.

#სირცხვილია გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე რუსთაველზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად დაშალა, დაშავდა ათობით ადამიანი, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. ხელისუფლების ამ ქმედებას ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა.