სირცხვილის დერეფნები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება – შსს

შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურებში, რომელიც ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება, ამომრჩევლებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას სცდება და პოლიცია მსგავს შემთხვევებში გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე”, – აცხადებს საბანაძე.

ბათუმში გამართულ აქციაზე ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები მოაწყონ. ამ იდეას როგორც თავად ენმ–ში, ისე სხვა ოპოზიციურ პარტიებში გაემიჯნენ.

ბოლოს, ბათუმის ენმ–ს ორგანიზაციამ განმარტა, რომ სირცხვილის კორიდორში არა მოქალაქეები, არამედ მაღალი თანამდებობის პირები გაივლიან.