ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება “ქართული ოცნების” ოცნებაა.
“არანაირი სიტყვა არავინ დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ქართული ოცნების ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. სიმართლე არის ჩვენ მხარს, რიცხოვნობა არის ჩვენს სასარგებლოდ, ძალა არის ჩვენ მხარს, რწმენაც აქ არის. თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა”,– ამბობს მელია.
მისივე განცხადებით, გუშინ ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ ის “ბარდება წარსულს”.
“შეშინებულმა, აცახცახებულმა ქართულმა ოცნებამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება. გუშინ ქართულმა ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი. მან გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ”,– აღნიშნა ნიკა მელიამ.