მსოფლიო მასშტაბით კარანტინის ზომების მოხსნასთან ერთად, იზრდება პანდემიის გავრცელების ზრდის და ახალი კორონავირუსის მეორე ტალღის შემოტევის შიში. ვაქცინები ასეთ დროს ყველაზე რეალურ გამოსავლად მოიაზრება. შეერთებული შტატების წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ხშირად ამბობს, რომ კოვიდ-19-ისგან დამცავი ვაქცინების წარმოებას ის ჯერ ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს. რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში და როგორი იქნება პოსტპანდემიური სამყარო?
კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ოფიციალურმა რაოდენობამ ამერიკაში 2 მილიონს გადააჭარბა და ისევ მატულობს, თუმცა ისე სწრაფად აღარ. გარდაცვლილთა რაოდენობა 116 ათასზე მეტია.
ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას გარკვეულწილად, ტესტირების ინტენსივობასაც მიაწერენ. ამ კვირის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში, ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: ერთ დღეში ანალიზი ნახევარ მილიონზე მეტმა აადმიანმა აიღო. აქედან დადებითი პასუხი საშუალოდ 4-დან 7 პროცენტამდე ამერიკელს მიუვიდა.
მონაცემები ჯერჯერობით უმჯობესდება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, პენსილვანიის შტატებში. თუმცა, ინფიცირების მაჩვენებლები ახლა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შტატების მიმართულებით უარესდება: არიზონა, იუტა, ნიუ-მექსიკო… სტაბილური კლების შემდეგ, ინფიცირების მონაცემები ისევ აღმავლობის გზაზეა კალიფორნიის და ფლორიდის შტატებში, რასაც სპეციალისტები კარანტინის შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირებენ.
„ვფიქრობ, ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მთელი ამერიკის ერთგანზომილებიან კატეგორიებში მოქცევას. ეს ძალიან დიდი ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა შტატებს, რეგიონებს, ქალაქებს, სოფლებს და საგრაფოებს ინფიცირების განსხვავებული მონაცემები აქვს. ისეთ ადგილზე თუ ცხოვრობთ, სადაც ნაკლები ინფიცირებაა, შეგიძლია სახლიდან გახვიდე… თუ აქტიური ინფიცირების კერაში ცხოვრობ, ეს არ იქნება გონივრული… ზოგან არაუშავს სკოლების გახსნას. თუმცა, არის რეგიონები, სადაც არ უნდა გაიხსნას “ – ამბობს ექიმი ფაუჩი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მონაცემების ზრდას 25 მაისს, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციებიც შეუწყობს ხელს. აქციების ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ დემონსტრანტებს, თუ სამართალდამცველებს ზოგჯერ ნიღბებიც კი არ უკეთიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ შორის სოციალური დისტანცირების არარსებობაზე.
ექიმ ფაუჩის თქმით, მას არაერთხელ უთქვამს, რომ მასობრივი თავშეყრა პანდემიის დროს ბევრ რისკს შეიცავს: „იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გქონდეს დემონსტრაციაზე გასვლის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების მიზეზი, ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო ის, რომ საჯარო თავშეყრა რისკია, უნიღბოდ ჯგუფური თავშეყრა, კიდევ უფრო დიდი რისკი… განსაკუთრებით იქ, სადაც ლოზუნგებს გაჰყვირიან. ჩვენ სიტუაციას ვაკვირდებით.განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეროვნული გვარდიის წევრები იყვნენ ინფიცირებულები, რაც სხვების ინფიცირების ალბათობას ზრდის“.
ნიღბების გამოყენებაზე რეკომენდაცია რამდენჯერმე შეიცვალა, ზოგჯერ ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი იყო კიდეც. საინტერესოა, დღეს რა აზრზე შეჯერდნენ ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები?
“შეიძლება ითქვას, რომ ნიღბის ტარება ყოველთვის აჯობებს მის არტარებას. მან შეიძლება 100 პროცენტით არ დაგვიცვას, მაგრამ გარკვეული ხარისხით, თქვენც გიცავთ და სხვებსაც – თქვენგან… ჩვეულებრივ ნაჭერსაც არაუშავს, ქირურგიული ნიღბებიც კარგია. არ არის N-95 ნიღბების გამოყენების საჭიროება. ჩვენ ისინი ჯანდაცვის სფეროს მოსამსახურე პერსონალს უნდა დავუზოგოთ, რადგან ისინი მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებიან” – ამბობს ექიმი.
მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ თანდათან იხსნება ბიზნესები, სამთავრობო დაწესებულებები, ქალაქები და უკვე ქვეყნებიც კი, მსოფლიოს დიდი ნაწილი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს ახალი კორონავირუსის პირველ ვაქცინებზე. ენტონი ფაუჩის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მხოლოდ კანდიდატ ვაქცინებზეა საუბარი. თუმცა, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ისევ იმეორებს, რომ მათ გამოჩენას „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს.
„ოპტიმიზმის მიზეზს ის მაძლევს, რომ ადრეული კლინიკური გამოცდა სასურველ შედეგს აჩვენებს… ის ექსპერიმენტულ ფაზაში [ინფიცირებისგან] იცავს ცხოველებს და პიველ ფაზაში – ადამიანებსაც… თუმცა, სრული გარანტია, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ვერასდროს გვექნება… ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება ითქვას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ – აღნიშნავს ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი და ამბობს, რომ თითოეული კანდიდატი ვაქცინის მწარმოებელი აპირებს გამოუშვას 200-300 მილიონი დოზა. შემდეგ კი, დროთა განმავლობაში მათი სამიზნე მილიარდამდე დოზის წარმოებაა.
მაგრამ, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, თუნდაც ბაზარზე რამდენიმე უსაფრთხო ვაქცინა ერთდროულად გამოჩნდეს, ვაქცინოლოგების აზრით, ჯერჯერობით მაინც ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენ ხანს გასტანს ამ ვაქცინების მოქმედება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ.
„ჩემი ღრმა რწმენით, ამ საშინელი პანდემიის გამოცდილებით ვისწავლეთ ის, რომ რესპირატორული ინფექციები იოლად ვრცელდება. შიში ჩვენთან დარჩება. შეიძლება ამას რამდენიმე წელი დასჭირდეს,მაგრამ თანდათან ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით… ასე რომ ჯერ სიფრთხილე გვმართებს. გახსნის მიუხედავად, გარეთ ინფექციის ისეთი დონეა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ“ – ამბობს ექიმი ფაუჩი.
შესაბამისად, ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ფიქრობს, რომ ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციების დაცვა და საჯარო ადგილებისთვის თავის არიდება, კიდევ დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი.
წყარო: ამერიკის ხმა.