იტალიაში დააკავეს მატეო მესინა დენარო, სიცილიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავტორიტეტი, რომელიც 30 წელია ძებნილთა სიაში იყო. დენარო ორშაბათს დილით სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მდებარე კერძო კლინიკაში დააკავეს. ვარაუდობენ, რომ ის არის ცნობილი იტალიური მაფიის „კოზა ნოსტრას“ ხელმძღვანელი.
იტალიური პრესის ცნობით, კარაბინიერებმა ის დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.პრესა წერს, რომ დენაროს დაკავების ოპერაციაში თავად პოლიციის გარდა, ასამდე სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.
2002 წელს მატეო დენარო დაუსწრებლად გაასამართლეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მრავალი მკვლელობის ორგანიზებისთვის. კერძოდ, 1992 წელს პროკურორების ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობისთვის, რომლებიც იძიებდნენ მაფიის დანაშაულებს იძიებდნენ, 1993 წელს მილანში, ფლორენციასა და რომში მომხდარ აფეთქებებისთვის, ასევე 11 წლის ბიჭის გატაცების, წამებისა და მკვლელობისთვის, რომლის მამა თავად იყო მაფიის წევრი, თუმცა ბრალდების მოწმედ გამოდიოდა.
გარდა ამისა, არსებობს ძლიერი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სწორედ დენარო ხელმძღვანელობდა რეკეტებს, აკონტროლებდა ნარჩენების უკანონო გამოტყორცნას, ფულის გათეთრებას და ჩრდილში ნარკოტიკებით ვაჭრობას ძლიერი ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატისთვის, რომელიც ცნობილია როგორც Cosa Nostra . გავრცელებული ინფორმაციით, ის იყო ტოტო რიინას პროტეჟე, კორლეონეს კლანის მეთაური, რომელიც 1993 წელს დააკავეს 23 წლის მიმალვის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მატეო დენარო 1993 წლიდან მიმალვაში,მაინც ითვლებოდა, რომ ის ბრძანებებს აძლევდა თავის ქვეშევრდომებს სხვადასხვა საიდუმლო ადგილიდან.
ათწლეულების განმავლობაში, იტალიელი გამომძიებლები არაერთხელ იყვნენ ახლოს დენაროს დაჭერასთან, ისინი ყურადღებით უთვალთვალებდნენ მის მეგობრებსა და ნათესავებს. ამ მეთვალყურეობის შედეგად 2013 წელს დააკავეს მისი და პატრიცია და კიდევ რამდენიმე მაფიოზი თანამებრძოლი. პოლიციამ ასევე მოახდინა დენაროსთან დაკავშირებული ზოგიერთი ფინანსური აქტივის კონფისკაცია, რამაც მისი კიდევ უფრო მეტად იზოლირება გამოიწვია.
თუმცა, პოლიციას მატეო დენაროს ძალიან ცოტა ფოტო ქონდა და იძულებულნი გახდნენ გარეგნობის სიმულაციური პროგრამები გამოეყენებინათ, რათა გაეგოთ, როგორ გამოიყურებოდა კრიმინალი გაქცევიდან ათწლეულების შემდეგ, მათ მიერ შექმნილ მოდელებზე დაყრდნობით.
მოსამართლემ და იტალიის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ჯან კარლო კასელიმ, მატეო დენაროს დაკავებას უწოდა “განსაკუთრებული…უბრალოდ ისტორიული მოვლენა”, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გარღვევა 1993 წელს იტალიის ქალაქებში აფეთქებების სერიის მიმდინარე გამოძიებაში, რომელსაც 10 ადამიანი შეეწირა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მადლობა გადაუხადა სამხედროებს გაწეული მუშაობისთვის „მაფიის დანაშაულებრივი რგოლის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის“ დაჭერისთვის და მას „სახელმწიფოს დიდი გამარჯვება“ უწოდა.